აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კინოღონისძიებაზე, კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალზე ლევან კოღუაშვილის ფილმმა „მეოთხე ბრაიტონი“, რომლის თანაპროდიუსერია საქართველოს პირველი არხი, სამი პრიზი მოიპოვა.
როგორც საქართველოს პირველ არხს ფილმის რეჟისორმა, ლევან კუღუაშვილმა განუცხადა, საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში ლევან თედიაშვილმა გაიმარჯვა. ფილმმა ასევე „ფიპრესის“ პრიზი აიღო (კინოკრიტიკოსების პრიზი) და მოიპოვა ეკუმენიური ჟიურის პრიზი.
„კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალი ტარდება გერმანიაში და არის აღმოსავლეთ ევროპის კინოფესტივალი. ერთ-ერთი გამორჩეული ფესტივალია ამ სპეციალიზაციით აღმოსავლეთ ევროპის კინოს რაც შეეხება. ვმონაწილეობდით საერთაშორისო კონკურსში, სადაც მოგვანიჭეს სამი პრიზი. ლევან თედიაშვილმა მიიღო საუკეთესო მამაკაცის როლის შესრულებისთვის პრიზი, რომელიც შეადგენს 5 000 ევროს. მეორე პრიზი იყო „ფიპრესის“ პრიზი და მესამე – ეკუმენიური ჟიურის პრიზი“, – განაცხადა ლევან კოღუაშვილმა.
კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალი გერმანიაში, 2-7 ნოემბერს გაიმართა.
ლევან კოღუაშვილის ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“ „ოსკარსა“ და „ოქროს გლობუსზე“ გაიგზავნება. ფილმი ოთხი ქვეყნის თანამშრომლობით არის შექმნილი, თანაპროდიუსერი კი, საქართველოს პირველი არხია. აღმასრულებელი პროდიუსერები არიან არმენ ზულოიანი, თინათინ ბერძენიშვილი და რუსუდან მანჯგალაძე.
ფილმი „ოსკარზე“ საქართველოდან საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაზე იქნება წარდგენილი. „მეოთხე ბრაიტონის“ ძირითადი ნაწილი გადაღებულია ნიუ იორკში, ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.
ამასთან, ცოტა ხნის წინ, ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“ ტრაიბეკას საერთაშორისო კინოფესტივალზე სამი მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა (საერთაშორისო მხატვრული ფილმების კონკურსი): საუკეთესო ფილმი; საუკეთესო სცენარი; საუკეთესო მსახიობი – ლევან თედიაშვილი.
წყარო: 1ტვ