ულტიმატუმები თავისთვის შეინახონ. თუ რამე მცდელობა ექნებათ, რომ დესტრუქციული ნაბიჯები გადადგან, უმკაცრეს პასუხს მიიღებენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძე განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება პასუხისმგებელია, რომ ქვეყანაში სიმშვიდე და სტაბილურობა იყოს.
„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ულტიმატუმები შეუძლიათ თავისთვის შეინახონ, უმკაცრეს პასუხს მიიღებენ დესტრუქციაზე, თუ ამის მცდელობა ექნებათ. ძალიან მარტივად არის აქ საქმე. როდესაც საქმე ეხება შიმშილობას, შიმშილობაზე პასუხისმგებელი არის მოშიმშილე. თუ ის რეალურად შიმშილობს, ის არის პასუხისმგებელი, თუ ის ფეიკ შიმშილობს, ამაზეც თვითონ არის პასუხისმგებელი. აქედან გამომდინარე, სამარცხვინო მესიჯი, რომ თითქოს ვიღაც კლავს სააკაშვილს, ესეც შეუძლიათ თავისთვის შეინახონ. ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე, მშვიდობა, ამაზე ვართ ჩვენ პასუხისმგებლები. თუ ვინმეს ექნება რაიმე მცდელობა, გადადგან დესტრუქციული ნაბიჯები, ამაზე მიიღებენ უმკაცრეს პასუხს კანონის შესაბამისად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ულტიმატუმის ვადა ამოიწურა. მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილი საპატიმროდან კერძო მრავალპროფილურ კლინიკაში არ გადაიყვანეს, ოპოზიციური პარტია, სავარაუდოდ, დღეს აქციას გამართავს.