„როდემდე დაიმალებით ან თქვენ, ან სხვები?! ყველას მოუწევს პასუხისგება,- ასე მიმართა ჯანდაცვის მინისტრს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას. როგორც უდუმაშვილმა განაცხადა, ხელისუფლების ქმედებები არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული.
“მივმართავ ჯანდაცვის მინისტრს, რომელიც ერთი თვეა დამალულია და რომლის პასუხისმგებლობაა იზრუნოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე – როდემდე დაიმალებით ან თქვენ, ან სხვები?! როდემდე დაიმალებით?! ყველას მოუწევს პასუხისგება იმ ქმედებებზე, რომელსაც ჩადიან დღეს არა მხოლოდ სააკაშვილის წინააღმდეგ, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ. ესაა სახელმწიფოს ფეხქვეშ გათელვა. საქართველო არ გახდება რუსეთის ნაწილი, ჩვენ ვართ ევროპული ოჯახის ნაწილი და ჩვენი გზა ევროპისკენაა”,– განაცხადა უდუმაშვილმა.
ამასთან, როგორც უდუმაშვილმა განაცხადა, აქციები გაგრძელდება და ყველა სახელმწიფო უწყებასთან მივლენ, “რომელიც სახელმწიფოს წინაშე დანაშაულს ჩადის”.
“ჩვენი აქციები იქნება ყოველდღიური. დღეს რუსთაველის გამზირზე ვართ, ხვალ და ზეგ სხვა ლოკაციაზე ვიქნებით. ყველა სახელმწიფო უწყებას მივადგებით, რომელიც დანაშაულს ჩადის სახელმწიფოს წინაშე. ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება. არ მივცემთ ხელსუფლებას საბაბს, პროვოკაციებზე წამოგვაგოს. ჩვენი აქციები არის არაძალადობრივი, მაგრამ მტკიცე და ხმამაღალი ჩვენ საბოლოოდ გავიმარჯვევთ”,- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.