იმუნიზაციის საბჭოს ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, კორონავრუსის ახალმა შტამმა – „ომიკრონმა“, შესაძლოა, იმაზე დიდი საფრთხე შეუქმნას საქართველოსა და მსოფლიოს, ვიდრე ეს წინა შტამების შემთხვევაში იყოს.
„ჯანმო-მ ამ ვარიანტს ყველაზე მაღალი კატეგორია მიანიჭა. ეს არის შეშფოთების მუტაცია, შეშფოთების ვარიანტი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მას ბერძნული ანბანის მე-15 ასოს სახელი – „ომიკრონი“ დაარქვა. ასეთი სწრაფი რეაგირება ჯანმო-ს არცერთ მუტაციაზე არ ჰქონია. ეს მუტაცია მართლაც განსხვავებულია. დღეისთვის მიიჩნევა, რომ ამ ვარიანტს 50-მდე სხვადასხვა მუტაცია აქვს. თუ „ომიკრონი“ უფრო გადამდებია, ვიდრე – „დელტა“, რის წარმოდგენაც რამდენიმე კვირის წინ შეუძლებელი იყო, მაშინ, უნდა ვაღიაროთ, რომ ქვეყანას კიდევ უფრო ძლიერი ტალღა დაემუქრება“, – აცხადებს ივანე ჩხაიძე.
კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის გავრცელების გამო, 29 ნოემბრიდან აშშ სამხრეთ აფრიკიდან და აფრიკის შვიდი სხვა ქვეყნიდან ავიამიმოსვლას შეაჩერებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო სხდომაზე სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს „შემაშფოთებელი“ უწოდა. უწყებაში აცხადებენ, რომ ახალი ვარიანტის შესასწავლად რამდენიმე კვირა დასჭირდებათ, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ახალ ვარიანტს ძალიან ბევრი მუტაცია აქვს.
სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.