კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, რეგულაციები წესდება, – ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ნებისმიერი პირი, მოქალაქეობის მიუხედავად, რომელსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში, აქვს შემდეგ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში შემოსვლისას ექვემდებარება 14-დღიან იზოლაციას/კარანტინს საკარანტინე სივრცეში.
აღნიშნული ქვეყნებია: სამხრეთ აფრიკა; ბოცვანა; ზიმბაბვე; ნამიბია; ლესოტო; ესვატინი (სვაზილენდი); მოზამბიკი; მალავი.
14-დღიანი იზოლაციის/კარანტინის დასრულების შემდეგ, პირებს PCR-კვლევა ჩაუტარდებათ.
საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში, საკარანტინე სასტუმროსა და PCR-კვლევის ხარჯებს ფარავს სახელმწიფო, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში – თავად უცხო ქვეყნის მოქალაქე.
გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ აღნიშნულ ქვეყნებში კორონავირუსის ახალი „ომიკრონი“ შტამის დაფიქსირების გამო მიიღო და ის 28 ნოემბრიდან ამოქმედდება.
კორონავირუსის ახალი ვარიანტი „ომიკრონი“ უკვე მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია გამოვლენილი. შტამის გავრცელების გამო, 29 ნოემბრიდან აშშ სამხრეთ აფრიკიდან და აფრიკის შვიდი სხვა ქვეყნიდან ავიამიმოსვლას შეაჩერებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო სხდომაზე სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს „შემაშფოთებელი“ უწოდა. უწყებაში აცხადებენ, რომ ახალი ვარიანტის შესასწავლად რამდენიმე კვირა დასჭირდებათ, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ახალ ვარიანტს ძალიან ბევრი მუტაცია აქვს.
სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.