„ძალიან ცინიკურად მოგექცათ საკუთარი გუნდი, თქვენს შემობრძანებამდე დარბაზში ძალიან მკაფიო გზავნილი გაიგზავნა აქედან, რომ განათლებას ამ ქვეყანაში აზრი არ აქვს – რამდენიმე წუთით ადრე თქვენმა გუნდმა მხარი დაუჭირა ყველაზე მაღალ თანამდებობებზე უზენაეს სასამართლოში ადამიანებს, რომლებიც არც განათლებით და არც კვალიფიკაციით არ გამოირჩევიან და ამით თქვენ დაგამცირათ, _ ასე მიმართა „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს, რომელსაც „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.
„იმ ქვეყნის განათლების მინისტრი ხართ, სადაც ძალიან ბევრი ბავშვი ძალადობის და სოციალურად დაუცველობის გამო იძულებულია, დატოვოს სკოლის სისტემა. ამ დროს გვესაუბრებით ჩიკაგოს უნივერსიტეტთან დამყარებულ თანამშრომლობაზე. ძალიან აცდენილი ხართ რეალობას. კონკრეტული კითხვა მაქვს – რა გააკეთეთ და რას აკეთებთ ბოლო წლებში იმ სამ ყველაზე მძიმე და რეზონანსულ საქმესთან დაკავშირებით, რომლებიც სკოლის სისტემას უკავშირდება. არ ხართ არც გამომძიებელი, არც პროკურორი, მაგრამ ეს საქმეები სკოლას უკავშირდება. ეს არის ია კერზაიას, ლუკა სირაძის და დათუნა სარალიძის საქმეები. თქვენ, სკოლამ, რა გააკეთეთ. რა გაკვეთილები გამოიტანეთ ამ უმძიმესი საქმეებიდან და რა გააკეთეთ იმისთვის, რომ მსგავსი ფატალური შედეგებით დასრულებული საქმეები აღარ იყოს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არ მიპასუხებთ იმას, რაც თქვენი სისტემიდან უკვე გაჟღერდა – სარალიძის მკვლელობა სკოლის გარეთ მოხდაო”,– განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.