ყველაფერი ცუდი უნდა ჩავაბაროთ წარსულს და გავატანოთ 2021 წელს. ახალი იმედებით, ახალი ენერგიით, ენთუზიაზმით უნდა შევხვდეთ 2022 წელს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ რესპუბლიკის მოედანზე გამართულ საახალწლო ღონისძიებაზე, მილოცვისას განაცხადა.
დედაქალაქის მერმა ყველას, მათ შორის საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა.
„მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო! მივესალმები სრულიად საქართველოს! მივესალმები ჩემს თბილისელებს. მივესალმები ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც საზღვრებს გარეთ იმყოფებიან!
ძალიან სასიამოვნოა, ძალიან მიხარია, რომ დღეს რესპუბლიკის მოედანზე ამდენი ადამიანი შეიკრიბა. მინდა, განსაკუთრებით მივულოცო და მივესალმო ყველა იმ ადამიანს, რომელიც დღეს თავის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს და ჩვენს ქვეყანას ემსახურება! გილოცავთ, ჩემო მეგობრებო, ახალ 2022 წელს.
ვიცი, რომ 2021 წელი იყო რთული წელი. რა თქმა უნდა, ყველაფერი ცუდი უნდა ჩავაბაროთ წარსულს და გავატანოთ 2021 წელს. ახალი იმედებით, ახალი ენერგიით, ენთუზიაზმით უნდა შევხვდეთ 2022 წელს. მინდა წარმატებები გისურვოთ, გამარჯვებები, სიხარული, წინსვლა, ბედნიერება და რაც მთავარია, მშვიდობა ჩვენს სამშობლოს! სულიერი სიმშვიდე თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს. წარმატებებსა და გამარჯვებებს გისურვებთ! გილოცავთ, მეგობრებო!“, – განაცხადა კახა კალაძემ.