გამოიცანი, ვინ ხარ
ამ თამაშისთვის აუცილებელია მოამზადოთ თეთრი ფურცლები. ფურცელზე უნდა დაწეროთ ვინაობა და ადგილმდებარეობა, მაგალითად: მილიონერი აბაზანაში, ბიონსე სცენაზე, ბრედ პიტი სამზარეულოში. ეს ფურცელი ერთ-ერთმა სტუმარმა უნდა მიიმაგროს შუბლზე, დაჯდეს სკამზე და დასვას ისეთი შეკითხვები, რომელიც დაეხმარება მას, გამოიცნოს, თუ ვინაა და სად იმყოფება. კითხვას უნდა ჰქონდეს თანხმობითი ფორმა, ხოლო სტუმრები მხოლოდ “კი” და “არათი” უნდა პასუხობდნენ, მაგალითად : “მომღერალი ვარ?” “სახლში ვარ?”
საჩუქრების ტომარა
მასპინძლები წინასწარ ამზადებენ საჩუქრებსა და მინიშნებებს. სტუმრებს ატყობინებს, რომ საჩუქრების ტომარა მოულოდნელად გაუჩინარდა, თუმცა მისი დაბრუნება შესაძლებელია. სტუმრები იყოფიან ორ ჯგუფად. მასპინძელი ორივე გუნდს აძლევს მინიშნებას. რომელი გუნდიც გამოიცნობს მინიშნებას, ის დაწინაურდება და მასპინძელი მას ერთი ნაბიჯით მიაახლოებს ტომარასთან (მინიშნებები უნდა იყოს გათვლილი არა ზოგად განათლებაზე, არამედ სამეგობრო საიდუმლოებებზე, ე.წ. ინსაიდ ჯოუქებზე). რომელი გუნდიც უფრო მეტ მინიშნებას გამოიცნობს, ის უფრო ადრე მიაღწევს ტომარასთან და პირველები ამ გუნდის წევრები აირჩევენ მათთვის სასურველ საჩუქრებს, დარჩენილი საჩუქრები კი გადაეცემათ მეორე გუნდის წევრებს.
დახატე გამოსახულება
თამაშის პრინციპი ასეთია: თითოეული გუნდის მოთამაშეები (მინიმუმ 4-4-კაციანი გუნდი) დგებიან ერთმანეთის უკან. პირველი მოთამაშეები გამოდიან და პრეზენტატორი მათ აჩვენებს რაიმე მარტივ ნახატს. მოთამაშეები მიდიან თავიანთი გუნდის ბოლო მონაწილესთან, ზურგზე ადებენ ფურცელს და ხატავენ ამ გამოსახულებას. შემდეგ დახატულს აჩვენებენ ბოლო მონაწილეს, ვის ზურგზეც დახატეს. შემდეგ უკვე ეს ბოლო მონაწილეები ხატავენ ზუსტად იმავე პრინციპით და ასე გრძელდება თამაში. საბოლოოდ, გამარჯვებულია ის გუნდი, რომლის ბოლო მონაწილის ნახატიც ყველაზე მეტად ემსგავსება პრეზენტატორის მიერ ნაჩვენებ სურათს.
ისტორია
ერთ-ერთმა მონაწილემ უნდა მოიგონოს რაიმე ისტორია და მეორე მონაწილეს უამბოს ჩუმად, ისე, რომ დანარჩენებმა ვერ გაიგონ. შემდეგ ეს მონაწილე უამბობს შემდეგ მონაწილეს და ასე გრძელდება. ბოლოს უნდა გამოვიდეს ბოლო მონაწილე და მოჰყვეს ისტორია, რაც მან მოისმინა. შემდეგ უნდა გამოვიდეს პირველი მონაწილე და მანაც თავისი შექმნილი ისტორია მოჰყვეს. მიხვდებით, რომ გადაცემის პროცესში ინფორმაცია დამახინჯდა და შემოკლდა. ეს მეტად სასაცილო და სახალისოა.
რა მოხდება, თუ…
მონაწილეებიდან ერთ-ერთი არის წამყვანი, რომელიც სვამს კითხვას, რომელიც უნდა იწყებოდეს ასე: “რა იქნება, თუ…” (მაგალითად: რა იქნება, თუ ახლა მეძინება). დანარჩენმა მონაწილეებმა უნდა მოიფიქრონ ძალიან სასაცილო და არალოგიკური პასუხები. ვინც ვერ მოიფიქრებს, შემდეგ ის ხდება წამყვანი.
[sexy_author_bio]