რუსთაველის თეატრი მსახიობ ნიკა ქაცარიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს.
რუსთაველის თეატრი ნიკა ქაცარიძის მის თეატრში გადადგმულ პირველ ნაბიჯებს იხსენებს.
„წავიდა ამ ქვეყნიდან ახალგაზრდა კაცი, თავის ოჯახზე, შვილებზე, თავის პროფესიაზე უსაზღვროდ შეყვარებული ადამიანი, კეთილშობილი პიროვნება, მსახიობი ნიკოლოზ (ნიკა) ქაცარიძე.
ნიკა 2005 წლიდან რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი იყო. კეთილი და უშუალო, ალალი და უბოროტო, ენერგიული, ხალისიანი და დაუზარელი – ასეთი იყო იგი და ასეთად დარჩება ჩვენს გულებში.
ნიკა ქაცარიძის პირველი სპექტაკლი რუსთაველის თეატრის სცენაზე იყო „ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვის ბიჭი და… პრეზიდენტი“ (რობერტ სტურუას დადგმა).
აქ ნიკამ დაცვის ბიჭი განასახიერა და მაშინვე მიიქცია მაყურებლის ყურადღება. მას შემდეგ არაერთი დასამახსოვრებელი სახე შექმნა. მაყურებელს არასდროს დაავიწყდება მისი შეიხი სპექტაკლში „დაკანონებული უკანონობა“ (რეჟისორი – რობერტ სტურუა).
უდიდესი გულისტკივილით ვემშვიდობებით ნიკას და სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს“, – ვკითხულობთ რუსთაველის თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ მსახიობს 8 იანვარს დაკრძალავენ:
„ პანაშვიდი 7 იანვარს
მისამართი: არნოლდ ჩიქობავას 9
დაკრძალვა 8 იანვარს 2 საათზე თეატრიდან“.