ჩოხატაურელ ვასიკო ბერძენიშვილს, რომელიც 2 დღის წინ უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა, სოციალური ქსელის მეშვეობით ახლობლები და მეგობრები ემშვიდობებიან.
“დიდი ტრაგედია დატრიალდა ჩოხატაურში… გარდაიცვალა ჩოხატაურის ბახმაროს ერთგული გულშემატკივარიი ვასო ბერძენიშვილი, ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებს და მეგობრებს!!! ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი კეთილი გული, ვასო”, _ წერს საფეხბურთო კლუბ “ბახმაროს” ფანკლუბი.
“ვასიკო იყო ღვთის შვილი. კეთილი, ალალი, მშრომელი, უბოროტო… ის ნამდვილად უფალთანაა უკვე. ეჰ, გული ჩამწყვიტა საშინლად”, _ წერს თამარ ბერძენიშვილი.
“ხანდახან რა უსამართლოა ცხოვრება. მომენატრება ჩვენს უბანში შორიდან დაძახებული _ როის მოი, როდის მიხვალ. უსამართლობაა, როდესაც შვილებს მშობელი ეღუპება. რა დიდი და აუტანელი ტკივილია, მოუშუშებელი, ენით უღწერელი დიდი სიცარიელის სამკვიდრებელი. გულში, სულში მწარე ხარ ჩემთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც იცის, შენ როგორი იყავი. არასდროს იქნები წარსულში ჩემთვის, რადგან სხვამ თუ არა, მე და ჩემმა დამ ვიცით, რომ ბავშვობა არასდროს არავის არ ავიწყდება. ნათელი სასუფეველი გქონდეს იმიერ ქვეყანაში”, _ წერს ბელა სიხარულიძე.
“შენ ისეთი კარგი ბიჭი იყავი, რომ ვწეროთ, არ დასრულდება წერა”, _ ამბობს კიდევ ერთი ფეისბუქმომხმარებელი სალომე კვირიკაშვილი და მართლაც, მისამძიმრების თუ გამოსათხოვარ წერილებს ბოლო არ უჩანს.
შეგახსენებთ, რომ ტრაგედია ჩოხატაურში 2 დღის წინ დატრიალდა. კერძო სამუშაოს შესრულებისას 41 წლის ვასიკო ბერძენიშვილი ხიდან ჩამოვარდა. ის მრავლობითი დაზიანებებით ჩოხატაურის შპს “ჯანმრთელობის სახლ გურიაში” შეიყვანეს, საიდანაც კატასტროფის ცენტრის ავტომანქანით ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს _ ის ოპერაციიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
გარდაცვლილს მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
“გურია ნიუსი” უსამძიმრებს ვასიკო ბერძენიშვილის ოჯახს და ახლობლებს.