“თავისუფლება პრეზიდენტ სააკაშვილს, ხელისუფლების უკანონო პატიმარს” – ამ დევიზით რუსთავის ციხესთან 15 საათზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.
ორგანიზატორები, აქტივისტები და მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები გააპროტესტებენ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობასა და წამებას, პირადი ექიმის ვიზიტისა და სატელეფონო ზარების უფლების შეზღუდვას.
მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან 100 დღეზე მეტია გასული. გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავში გადაყვანის შემდეგ, მასთან ექიმებს არ უშვებენ, შესაბამისად, როგორია მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს არ შეუფასებიათ.
მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავში 30 დეკემბერს, გვიან ღამით გადაიყვანეს.