კალიფორნიის შტატში, ლოს-ანჯელესში მატარებელი თვითმფრინავს შეეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, თვითმფრინავს პრობლემები აფრენისას შეექმნა, რის გამოც ის ავარიულად დაეშვა ლიანდაგებზე, სადაც რამდენიმე წამში მატარებელი დაეჯახა.
როგორც Reuters-ი წერს, ქალაქის პოლიციელებმა პილოტი, Cessna-დან ამოყვანა შეჯახებამდე რამდენიმე წამით ადრე მოახერხეს. პილოტი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც გამოცემა წერს, ადგილობრივი მედიის ცნობით, პილოტს ჭრილობებისა და სისხლჩაქცევების გამო მკურნალობა ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა სტაბილურია. მატარებელში კი არავინ დაშავებულა.
კაცის გადარჩენის კადრები ლოს-ანჯელესის პოლიციის Twitter-ზე გამოქვეყნდა, სადაც ჩანს, რამდენიმე ოფიცერი თუ როგორ ათავისუფლებს კაცს ჩამოგდებული თვითმფრინავიდან, რომელიც აფრენიდან მალევე ჩამოვარდა პაკოიმას რაიონში.
„თვითმფრინავი წარუმატებელი აფრენით დაჯდა მატარებლის ლიანდაგზე პოპულარულ გზაჯვარედინზე“ – თქვა ლუის ხიმენესმა, 21 წლის მუსიკალურმა კომპოზიტორმა, რომელმაც ვიდეო გადაიღო.