დღეს ჩოხატაურში, ხელოვნების სასახლეში ღვაწლმოსილი ადამიანები დააჯილდოვეს.
ღონისძიების დასაწყისში მამა თომას ხსოვნას დარბაზში შეკრებილებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
ღონისძიებაზე პირველი სიტყვით გამოვიდა მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე.
„კალანდას გურიაში ვხვდებით განსაკუთრებულად. თითოეული ოჯახი მიუხედავად მისი შესაძლებლობისა და საშუალებისა რაღაც ახალს სძენს ამ დღეს, ახალს აკეთებს, ახალი იმედებით, ახალი ჩანაფიქრებით ხვდება კალანდას. ეს ტრადიცია დღესაც არ დარღვეულა. ყოველ წელს კალანდობის დღესასწაულზე გამოვავლენთ ჩვენი ჩოხატაურის წლის საუკეთესო ადამიანებს და დავაჯილდოვებთ სიმბოლური საჩუქრებით“,_ განაცხადა შარაშიძემ.
წლის “ჩოხატაურელი” დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე გახდა.
ჯანდაცვის წლის საუკეთესო თანამშრომლად „ჯანმრთელობის სახლიდან“ ლეილა ჯინჭარაძე დასახელდა.
სოფლის მეურნეობის სააგენტოს ხელმძღვანელმა მანანა მინდაძემ წლის საუკეთესო თანამშრომლად ნევრიზ მიქელაძე დაასახელა. მას საჩუქრად კედლის საათი გადაეცა. როგორც მანანა მინდაძემ აღნიშნა, საჩუქარი სიბოლურია, რადგან ზოტის ყველის და რძის ნაწარმის გამოშვებამდე საათებს ითვლიან.
დასუფთავების სამსახურმა საუკეთესო თანამშრომლად ზაირია უბერია დაასახელა. ის ჩოხატაურის ქუჩებს ყოველდღე ასუფთავებს.
წლის საუკეთესო სპორტსმენი დემეტრე კუტალაძეა. ის საქართველოს ჩემპიონია კარატეში.
წლის გამორჩეული სტატუსი ერგოთ ნოდარ დუმბაძის სახლმუზეუმიდან მარიკა ჭანიშვილს და ვაჟა დუმბაძეს.
კულტურის გაერთიანების დირექტორმა საუკეთესო თანამშრომლად მზია კვინტრაძე დაასახელა.
წლის საუკეთესო მძღოლის სტატუსი გადაეცა რეზო ძნელაძეს. თუმცა ის ღონისძიებაზე არ იმყოფებოდა და საჩუქარი მის შვილს გადასცეს.
დაჯილდოებულ პირებს შორის საგანგებო სიტუაციების მართვის თანამშრომლებიც აღმოჩნდნენ. საჩუქარი გადაეცათ წლის საუკეთესო ყოფილ მეხანძრეს ჯუბა ბოლქვაძეს და მოქმედ მეხანძრეს გიორგი შარაშიძეს.
წლის საუკეთესო მასწავლებელი გახდა კოხნარის საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი ლელა მაღულარია.
წლის საუკეთესო შემოქმედის სტატუსი გოგი ცინცაძეს და გურამ კოროშინაძეს ერგოთ. ცნობისთვის, გურამ კოროშინაძე „ანსამბლ გურიას ყოფილი წევრია, გვერდში ედგა ანსამბლს წლების განმავლობაში. გოგი ცინცაძე კი რეჟისორია, რომელმაც მაყურებელი არაერთხელ აღაფრთოვანა.
[sexy_author_bio]