დიდთოვლობამ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სამ საჯარო სკოლას ინტერნეტის პრობლემა შეუქმნა. გაღმა ზონის სოფლების, წიაღუბნის, ოფეთის #1 და ოფეთის #2 საჯარო სკოლებს ელექტრო ენერგიის მიწოდება 17 იანვრის დილის მდგომარეობით შეწყვეტილი ჰქონდა, რადგან დაზიანებული იყო მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები.
,, ენერგო პრო ჯორჯიას” სამტრედიის სერვის ცენტრის სპეციალისტებმა აღდგენითი სამუშაოები დილიდანვე დაიწყეს და 12 საათისთვის სამივე სკოლას ელექტრო ენერგიის მიწოდება აღუდგა. სამტრედიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, თინათინ ხარძიანის ინფორმაციით, სამტრედიის მუნიციპალიტეტის 33 საჯარო და 2 კერძო სკოლაში ყოველგვარი პირობებია შექმნილი მეორე სემესტრის დასაწყებად:
,,მიუხედავად ამისა, პირველი დღის მაჩვენებლიდან გამომდინარე, მოსწავლეთა დასწრება ძალიან დაბალია, რასაც ხელი დიდთოვლობამაც შეუწყო. საერთო მაჩვენებლის მიხედვით, 17 იანვარს სამტრედიის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა მხოლოდ 15 პროცენტი გამოცხადდა. რაც შეეხება კოვიდ სტატისტიკას, დღეის მაჩვენებლით საჯარო სკოლებში 7 პედაგოგი და ერთი თანამშრომელია დაინფიცირებული.”
[sexy_author_bio]