ლანჩხუთის საკრებულოს თანამდებობის პირებისთვის სახელფასო ანაზღაურების მატება იგეგმება.
“ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების დამტკიცების შესახებ” ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ” წარმომადგენლობით ორგანოში ადმინისტრაციული წარმოება უკვე დაწყებულია და საკითხი დარგობრივ კომისიებსა თუ ფრაქციებში განხილვას გადის.
ირკვევა, რომ საკრებულოს თავმჯდომარის სახელფასო ანაზღაურება, რომელიც აქამდე 2 650 ლარით განისაზღვრებოდა, 4 510 ლარამდე იზრდება. რაც შეეხება თავმჯდომარის მოადგილეებს, პირველი მოადგილის ხელფასი 3 410 ლარი იქნება, ხოლო კიდევ ორი მოადგილის _ 2 970 ლარი.
თუ აქამდე დარგობრივი კომისიებისა და ფრაქციათა ხელმძღვანელთა ანაზღაურება 1 700-1 700 ლარით განისაზღვრებოდა, ცვლილების დამტკიცების შემდეგ კომისიის თავმჯდომარის ხელფასი 2 420 ლარამდე იზრდება, ფრაქციის თავმჯდომარის კი 2 200 ლარი იქნება. ლანჩხუთის საკრებულოში კი ხუთი დარგობრივი კომისია და სამი ფრაქციაა. 1 250 ლარის ნაცვლად 1 760 ლარი იქნება ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი. ასეთი კი რვა თანამდებობის პირია ლანჩხუთის საკრებულოში, აქედან ექვსი “ოცნების” ფრაქციაში იკავებს მოადგილის პოსტს.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაოაბის” ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი კახა ასკურავა ამბობს, რომ მთავრობამ უარი უნდა თქვას თვითმმართველობებში ანაზღაურების მატებაზე და ეს თანხები სოციალური სააგენტოების სახელფასო ანაზღაურების მოწესრიგებისკენ მიმართონ:
“მთელი საქართველოს მასშტაბით იფიცება სოციალური სააგენტოები. ძალიან მოკლედ მინდა გითხრათ, რაა მიზეზი _ 2012 წლიდან დღემდე, ანუ ათი წელია მხოლოდ სააგენტოს ხელმძღვანელებს გაეზარდათ ანაზღაურება, ისიც მხოლოდ უმნიშვნელოდ და მათი ხელფასი 600 ლარს არ აღემატება, ხოლო ამ სამსახურის სპეციალისტების სახელფასო ანაზღაურება 400 ლარს არ აღემატება. ჯანდაცვის სამინისტრო დეკემბერში დაპირდა ამ პრობლემის მოგვარებას სოციალური სააგენტოს ათასობით თანამშრომელს, იანვარში კი, მხოლოდ 10%-ით გაუზარდა ხელფასები, რაც, დაახლოებით, 30 ლარით ზრდას ნიშნავს. ხელისუფლების ეს შეთავაზება, უბრალოდ, დაცინვაა ამ ადამიანების მიმართ, მით უმეტეს მაშინ, როცა მუნიციპალიტეტის მერიებსა და საკრებულოებში ხელფასების ზრდის პროცესია დაწყებული მთელი საქართველოს მასშტაბით და ისედაც შედარებით ნორმალურ ანაზღაურებებს კიდევ უფრო ზრდიან თვითმმართველობებში. საქართველოს მთავრობა, უარი თქვით თვითმმართველობებში ხელფასების ზრდაზე და ეს თანხები მიმართეთ სოციალური სააგენტოების სახელფასო ანაზღაურების მოწესრიგებისკენ!” _ ამბობს ასკურავა.
ლანჩხუთის საკრებულოში პარტია “ლელოს” წარმომადგენლის გოჩა ჯანაშიას თქმით, იმ ფონზე, როცა თანამდებობის პირებს თითქმის 50%-ით ეზრდებათ ანაზღაურება, არ უნდა დაგვავიწყდეს ბაღის აღმზრდელებისა თუ სხვა რიგითი საჯარო მოხელის პრობლემებიც:
“ხელფასების მატების გაპროტესტება ერთგვარად პოპულისტური ნაბიჯია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ძალიან რთულია უბრალო მოკვდავმა ადამიანებმა ჩინოსანთა ანაზღაურების მატებაზე მკვეთრი უარყოფითი რეაქცია არ გამოავლინონ. როცა საუბარია ისედაც მაღალი ხელფასების ლამის 50%-ით გაზრდაზე, ყოველთვის უნდა გაგვახსენდეს ბაღის აღმზრდელები, ბიბლიოთეკარები, მუზეუმის თანამშრომლები, მეეზოვეები და ასე შემდეგ სხვა დაბალი რანგის საჯარო მოხელეები, რომლებსაც 200-300 ლარს ვუხდით და ვპირდებით, 10%-ით გაგიზრდით ანაზღაურებასო. ისედაც დიდია სახელფასო სხვაობა ამ ადამიანებთან მიმართებაში და კიდევ გაზრდა ძალიან ცუდად ჩანს, მით უმეტეს, რომ მმართველი პარტიის საარჩევნო ბეღელი სწორედ ამ კატეგორიის ადამიანების ერთგულების შედეგად ივსება, დაფასება კი თავადაც ხედავთ როგორიცაა”, _ ამბობს “ლელოს” წარმომადგენელი.
[sexy_author_bio]