,,რადგან რუსეთი აგრძელებს დაძაბულობის ესკალაციას, დასავლეთმა ყველაფერი უნდა გააკეთოს ომის სცენარის თავიდან ასაცილებლად“ – ამის შესახებ 19 იავარს, ვილნიუსში უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებმა ისაუბრეს.
როგორც baltictimes წერს, ლიეტუვის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლაურინას კასციუნასმა განაცხადა, რომ რუსეთი, რომელმაც თავისი ჯარი უკრაინის საზღვართან გაამაგრა, „ცდილობს, გაზარდოს გეოპოლიტიკური ტემპერატურა, სიტუაციის ესკალაცია და სტრატეგიული გაურკვევლობა შექმნას”.
„რუსეთის მიზანი მკაფიოა და ის მიზნად ისახავს ხელი შეუშალოს უკრაინასა და საქართველოს ნატოში გაწევრიანებასა და უნდა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები გახდნენ ამ ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის მეორეხარისხოვანი წევრები და ჩვენ ამას არ დავუშვებთ“ – განაცხადა კასციუნასმა.
გამოცემის ინფორმაციით, ფინეთის ვიცე-პრემიერმა, ანტი რინემ განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა ახლა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა თავიდან აიცილონ “ომი და კოლაფსი ევროპაში”.
მან, ასევე აღნიშნა, რომ ფინეთი, რომელიც ინარჩუნებს ნეიტრალიტეტის პოლიტიკას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, თავად მიიღებს გადაწყვეტილებას ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
„ვერავითარი ზესახელმწიფო ფინეთზე გავლენას ვერ მოახდენს“ – განაცხადა ანტი რინემ.