ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რიგგარეშე სხდომაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და “ქართული ოცნების“ წევრებს შორის კამათი იყო. ოპოზიციონერი დეპუტატები აპროტესტებდნენ ხელფასების მომატებას საკრებულოს თანამდებობის პირებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების თქმით, როდესაც ქვეყანაში ყველა მიმართულებით ფასების ზრდა მიმდინარეობს, სირცხვილია ხელფასების მატება. ამ საკითხთან დაკავშირებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლავრენტი ბიგვავამ შემდეგი სახის განმარტება გააკეთა: “წარმოდგენილ პროექტში ცვლილებები, რომელიც გახორციელდა უკვე დავასახელე, რამ გამოიწვია. შესაბამისი ჩანაწერი სახელმწიფო ბიუჯეტში გაჩნდა, შეიცვლა კოეფიციენტი და მოხდა შესაბამისი გადაანგარიშება.
ახლა კითხვაზე _ თუ რატომ ვიზირდით ჩვენ ხელფასებს? ჩვენ, არ ვიზირდით ხელფასებს, ხელფასების ზრდა არის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული და ასევე მხედველობაში არის მისაღები ბოლო 8 წლის მანძილზე საჯარო მოხელეებისთვის ერთი თეთრითაც არ მომხდარა ხელფასის ზრდა. შესაბამისად, საჯარო მოხელეების სივრცე მოექცა ძლიერი კონკურენციის მარწუხებში – მხედველობაში მაქვს, რა თქმა უნდა, სწრაფად განვითარებადი კერძო სექტორი და ეს სავსებით მისაღებია, ძალიან კარგია და ჩვენ ყველანაირად ხელს ვუწყობთ ეს პროცესი განვითარდეს, მაგრამ ხდება, ასე ვთქვათ, მაღალი რანგის პროფესიონალების გადინება საკრებულოდან იქნება თუ მუნიციპალიტეტის მერიიდან. ეს პროცესი თუ ასე გაგრძელდა, პატივცემულო კოლეგებო, საბოლოოდ, ჩვენ მივიღებთ ძალიან ცუდ სიტუაციას. საქმე შეიძლება იქამდეც მივიდეს, რომ საჯარო სექტორში სანთლის საძებარი გაგვიხდეს მაღალი რანგის პროფესიონალი მუშა. “ – თქვა ლავრენტი ბიგვავამ.
მისივე თქმით, არც ის ინფორმაცია არის სწორი, რომ კერძო სექტორში უფრო ნაკლები ხელფასია და საჯარო სექტორში უფრო მეტი ხელფასია.
“მე მთელი ცხოვრება მაღალი ხელფასი მქონდა, ბოლო ხელფასი მუნიციპალიტეტის მერებზე მაღალი მქონდა, მაგრამ მე მაშინ, არ ვმუშაობდი საჯარო სამსახურში. მე პროფესორი გახლავართ და მე შემიძლია მუშაობა. აქ გაჟღერდა ოპოზიციისგან სიტყვა “სირცხვილია” და მინდა ვთქვა, რომ მე არ მრცხვენია, არანაირად.“ – აღნიშნა ლავრენტი ბიგვავამ.
[sexy_author_bio]