რუსეთი, დასავლეთისგან უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს, რომელიც რუმინეთიდან და ბულგარეთიდან ნატოს ძალების გაყვანას ითვალისწინებს, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. ინფორმაციას reuters ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ოფიციალურმა მოსკოვმა ნატოსგან იურიდიულად სავალდებულო გარანტიები მოითხოვა, რომლის მიხედვით ალიანსი შეაჩერებს გაფართოებას და 1997 წლის საზღვრებს დაუბრუნდება.
Reuters ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას ნიშნავს ეს ბულგარეთისა და რუმინეთისთვის, რომლებიც ნატოს 1997 წლის შემდეგ შეუერთდნენ, რუსეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ რუსეთს ამ ქვეყნებიდან ყველა უცხოური ჯარის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის გაყვანა სურს.
,,თუ რუსეთი უსაფრთხოების წინადადებებზე დასავლეთის პასუხით იმედგაცრუებული დარჩება, კრემლი სერიოზულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მიიღებს“ – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა.
ცნობისთვის, რუმინეთი და ბულგარეთი ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები 2004 წლიდან არიან.
2021 წელს, უკრაინის საზღვართან მასშტაბური რუსული სამხედრო მობილიზაციის ფონზე, რუსეთის საგარეო საქმეთა უწყებამ დასავლეთს მოთხოვნების ვრცელი სია წარუდგინა. კრემლი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მის „გავლენის სფეროდ“ გამოცხადებას და ნატოსგან უკრაინისთვის და საქართველოსთვის წევრობაზე უარის თქმას მოითხოვს.