ბაკურიანში, მიტარბის პირველ ტრასასთან მყოფი დამსვენებლები დახმარებას ითხოვენ.
როგორც “ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, უკვე ნახევარი საათია საბაგირო გაჩერებულია, დამსვენებლები კი ჩამოსვლას ვერ ახერხებენ.
არსებული ინფორმაციით, საბაგიროთი დაახლოებით 50-მდე პირი გადაადგილდებოდა.
„ბაკურიანში, მიტარბის პირველ საბაგიროზე მგზავრთა გადაყვანის დროს საბაგირო გაჩერდა, 30 წუთზე მეტია გაჩერებულია. დავრეკეთ 112-ზე, თუმცა რეაგირება არ არის. არავის, ვინც საბაგიროს მართვის პულტთან არის, არაფერი გამოუცხადებია, რა ხდება, რატომ ვართ გაჩერებული და როდის ამუშავდება, ან რამდენი ხანი გვიწევს გაჩერება.
ყინვაა, გაუჩერებლად თოვს. საბაგირო ღიაა და თავზე გვათოვს. გარეთ მინუს 10 გრადუსია. ამას ემატება ის, რომ უკვე საღამოა“, – აცხადებს ერთ-ერთი დამსვენებელი.
მთის კურორტების განვითარების კომპანიაში აცხადებენ, რომ ბაკურიანში, მიტარბის პირველ ტრასასთან არსებული საბაგირო ძაბვის ვარდნის გამო გაჩერდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ევაკუაცია უნდა მოხდეს.
„დაახლოებით, 10 წუთის წინ გამოაცხადეს, რომ სამაშველო სამსახური დაიწყებდა ევაკუაციას და ყველას ჩამოგვიყვანდნენ, თუმცა გარდა იმისა, რომ სამაშველოს 2-მა თანამშრომელმა რამდენჯერმე ბორანით გაიარა, მაგის გარდა არაფერი არ მინახავს, რომ გაეკეთებინოთ. ჯერ ვერსად ვერ ვხედავ, რომ ვინმეს ჩამოყვანა დაიწყეს. დაახლოებით, 1 საათია უკვე გაჩერებულია საბაგირო და არავინ არ იცის რამდენი ხანი მოგვიწევს კიდევ აქ ყოფნა, ან რა გზით ჩაგვიყვანენ“, – აცხადებს დამსვენებელი.
წყარო: ინტერპრესნიუსი