საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მოსკოვში ვიზიტის დროს უარი თქვა კრემლის მოთხოვნაზე, გაეკეთებინა რუსული COVID-19-ის ტესტი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრამდე. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ამ გზით მაკრონმა რუსეთს მის დნმ-ზე წვდომის საშუალება არ მისცა. უარის გამო კი მოლაპარაკებების დროს მას რუსეთის პრეზიდენტთან მკაცრი 4 მეტრიანი დისტანციის დაცვა მოუწია. სააგენტო ამის შესახებ 2 წყაროზე დაყრდნობით წერს.
პუტინის და მაკრონის შეხვედრის ფოტომ, სადაც ლიდერები 4-მეტრიანი მაგიდის საპირისპირო ბოლოებში სხედან მნახველები გააკვირვა. ზოგიერთი დიპლომატი ვარაუდობდა, რომ პუტინს ამით შესაძლოა დიპლომატიური გზავნილის გაკეთება სურდა, მაგრამ 2 წყარო ამბობს, რომ მაკრონს ჰქონდა არჩევანი ან რუს ექიმებს PCR ტესტი გაეკეთებინათ მისთვის ან დაეცვა მკაცრი დისტანცია.
„კარგად ვიცოდით, რომ ეს ნიშნავდა ხელის არ ჩამორთმევას და ამ გრძელ მაგიდასთან ჯდომას, მაგრამ ვერ დავუშვებდით, რომ მათ პრეზიდენტის დნმ-ზე წვდომა ჰქონოდათ”, – განუცხადა Reuters-ს ერთ-ერთმა წყარომ.
მაკრონის გარემოცვის მეორე წყარომ დაადასტურა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა უარი თქვა რუსული „პისიარ“ ტესტის ჩატარებაზე. მისი თქმით, მაკრონმა „პისიარ“ ტესტი საფრანგეთში, რუსეთში გამგზავრებამდე გაიკეთა, მისმა ექიმმა კი რუსეთში ანტიგენის ტესტი ჩაუტარა.
ამ საკითხზე Reuters-მა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასაც მიმართა, თუმცა, პასუხი ჯერ არ მიუღიათ.
შეგახსენებთ, რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტების მოსკოვში გამართული შეხვედრის ამსახველმა ფოტოებმა, სადაც ვლადიმერ პუტინი და ემანუელ მაკრონი 4-მეტრიანი მაგიდის თავსა და ბოლოში სხედან, საზოგადოებაში დაბნეულობა და გაკვირვება გამოიწვია. ზოგიერთი დიპლომატისა და ექსპერტის შეფასებით, ამით პუტინმა, შესაძლოა, დიპლომატიური გზავნილი გააკეთა.
[sexy_author_bio]