მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 130 წლის წინ გავრცელებული იდუმალი რუსული გრიპი შესაძლოა, კორონავირუსი იყო.
ინფორმაციისთვის, 1889 წელს რუსეთში გაჩნდა იდუმალი რესპირატორული დაავადება, რომელიც გავრცელდა მთელ მსოფლიოში. გამოიწვია ინფექციის სულ მცირე სამი ტალღა რამდენიმე წლის განმავლობაში.
ახლა, ზოგიერთი მეცნიერი ეჭვობს, რომ ეს დაავადება, რომელსაც “რუსული გრიპი” უწოდეს, შესაძლოა გამოწვეული იყოს SARS-CoV-2-ის მსგავსი პანდემიით, ვირუსით, რომელიც იწვევს COVID-19-ს, იტყობინება The New York Times.
არსებული ინფორმაციით, ამ ორ პანდემიას შორის რამდენიმე მარტივი პარალელი ივლება. მაგალითად, რუსული გრიპის პანდემიის დროს, სკოლები და სამუშაო ადგილები დაიხურა ინფიცირებულთა დიდი რაოდენობის გამო. გარდა ამისა, ინფიცირებულები ხშირად კარგავდნენ გემოსა და ყნოსვას, ზოგ ინფიცირებულს კი სიმპტომები თვეების განმავლობაში ჰქონდა.
ზოგადად, რუსულმა გრიპმა უფრო მეტი ხანდაზმული ადამიანი შეიწირა, ვიდრე ბავშვები, განსხვავებით გრიპის ვირუსებისგან, რომლებიც ერთნაირად ფატალურია ორივე ასაკობრივი ჯგუფისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ რუსული გრიპის პანდემიის ეს მახასიათებლები საოცრად ჰგავს ამჟამინდელ პანდემიას, იდეა, რომ რუსული გრიპი შესაძლოა გამოწვეული იყოს კოროვირუსით, რჩება სპეკულაციური,_ ამბობს პიტერ პალეზი, გრიპის მკვლევარი და მედიცინის პროფესორი.
ექსპერტების ნაწილი ამბობს, შეიძლება არსებობდეს მყარი მტკიცებულება ამ იდეის მხარდასაჭერად, მაგრამ ის უბრალოდ ჯერ არ არის ნაპოვნი.
დოქტორი ჯეფერი ტობენბერგერი, ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ვირუსების პათოგენეზისა და ევოლუციის განყოფილების უფროსი და ჯონ ოქსფორდი, ლონდონის უნივერსიტეტის ვირუსოლოგიის დამსახურებული პროფესორი, ეძებენ ასეთ მტკიცებულებებს.
ისინი სწავლობენ ფილტვის ქსოვილის შენახულ ნიმუშებს, რომლებიც 1918 წლის გრიპის პანდემიამდე იყო და ეძებენ გრიპის ვირუსების და კოროვირუსების ნარჩენებს.
თუ რუსული გრიპის ვირუსის გენეტიკური მასალა აღმოჩნდება ამ ფილტვებში, მან შეიძლება მოგვცეს მინიშნებები იმის შესახებ, თუ როგორ დასრულდა პანდემია, რადგან იმდროინდელი ამბების გაშუქება მცირე ინფორმაციას გვთავაზობს.
და თუ მე-19 საუკუნის ბოლოს პანდემია გამოწვეული იყო კოროვირუსით, ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ ის შეიძლება კვლავ ცირკულირდეს, როგორც ერთ-ერთი ოთხი კოროვირუსიდან, რომელიც იწვევს ჩვეულებრივ გაციებას და არა მძიმე დაავადებას.