თეატრი და კინო განსაკუთრებული სამყაროა, სადაც მთავარი მოქმედი გმირები რეჟისორები და მსახიობები არიან. თითოეულ სპექტაკლს ან კინოფილმს საკუთარი „პირადი“ ცხოვრება გააჩნია, რომელიც გარედან არ ჩანს და, მხოლოდ მისი მთავარი მონაწილეებისთვის არის ცნობილი.
დღევანდელ წერილში ორი ცნობილი ქართული ფილმის შექმნის ისტორიას გავიხსენებ და მკითხველს არაერთ საინტერესო ფაქტს მივაწვდი.
კინოსურათ „ჯარისკაცის მამას“ განსაკუთრებული წარდგენა არ ესაჭიროება. ამ ნამუშევარმა აღიარება დიდი ხნის წინ მოიპოვა და მსოფლიო კინოხელოვნების ისტორიაში დამსახურებული ადგილი სამართლიანად დაიკავა. ალბათ საინტერესო იქნება ამ სურათის გადაღების პერიპეტიები ხელახლა გაგვეხსენებინა. სიტყვას ბატონ რეზო ჩხეიძეს გადავცემ.
„ფილმის გადაღების იდეა სცენარისტ სულიკო ჟღენტს ეკუთვნის. მე და სულიკო ერთმანეთს მოსკოვიდან ვიცნობდით, სადაც საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტში ვსწავლობდით. ის სასცენარო ფაკულტეტზე იყო, მე – სარეჟისოროზე.
ერთ დღეს, თბილისის კინოსტუდიაში სულიკომ ხუთ ფურცელზე დაწერილი სცენარი მომცა და მთხოვა რომ ყურადღებით წამეკითხა. სცენარისთვის მაინცდამაინც დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, მეორე დღის გადაღებაზე ვფიქრობდი. კინოსტუდიიდან რომ გამოვედი, ტრამვაიში ჩავჯექი და თან სცენარის ფურცვლა დავიწყე. სულ რამდენიმე ფურცელი იყო და სათაური ჰქონდა „ჯარისკაცის მამა“. პატარა სცენარი იყო, მაგრამ ამ ხუთ ფურცელში აბსოლუტურად ყველაფერი გასაგებად ეწერა. ხასიათი, იდეა, გარემო – ყველაფერი იგრძნობოდა. წაკითხვისთანავე მივხვდი, რომ ეს იყო ბრწყინვალე მასალა.
მეორე დილით ბატონ სერგო ზაქარიაძეს შევხვდი და სცენარი მოკლედ მოვუყევი. რაც მეტს ვუყვებოდი, ვატყობდი, როგორ ეცვლებოდა სახე. როცა სცენარის თხრობა დავამთავრე, აღტაცებით თქვა: „ბიჭო, რა კარგი რამეა!” სერგო ატირდა, მეც ავტირდი და გადაწყდა, ამ სცენარზე ფილმი გაგვეკეთებინა.
ნახევარი წელი სცენარზე ვმუშაობდით. მერე კი დაიწყო ბრძოლა მის დასადგმელად, რადგან კინოსტუდიას არაფრით უნდოდა, რომ გადაღებები დაგვეწყო. მიზეზი ჩემთვის დღემდე გაუგებარია. ადამიანი ხალხის აღიარებას რომ მიიღებს, ბევრ მოყვარესთან ერთად ბევრი მტერიც უჩნდება. ასე მოხდა ბატონი სერგოს შემთხვევაშიც, რადგან მას ბევრი ემტერებოდა. სულიკოც ჯერ დიდად არ იყო კინემატოგრაფიის წრეში მიღებული, რადგან ძალიან ახალგაზრდა გახლდათ.
ერთ–ერთ კრებაზე ჩემი ფილმის გადაღება–არგადაღების საკითხი წამოიჭრა. ერთი ადამიანი გამოვიდა, რომლის ვინაობის დასახელებისგან თავს შევიკავებ და თქვა, მოსკოვის კულტურის სამინისტროში სცენარი არ მოეწონათ, მაგრამ, რადგან რეზო ჩხეიძეს ასე ძალიან უნდა, უარის თქმა გვერიდებაო. მაშინვე გავედი და მოსკოვში დავრეკე. აღმოჩნდა, რომ ეს კაცი საერთოდ არ მისულა სამინისტროში და კრებაზე ტყუილი თქვა. ნერვები ძალიან მომეშალა და იმ ადამიანს სილა გავაწანი. ეს ჩემს ცხოვრებაში ერთადერთხელ მოხდა. არც სკოლაში, არც მოზრდილობაში, როგორი აღშფოთებულიც უნდა ვყოფილიყავი, ხელით არავის შევხებივარ.
ფილმის გადაღებას რამდენიმე თვე მოვანდომეთ. სცენები გადავიღეთ როგორც საქართველოში, ასევე მოსკოვის სამხედრო ოლქში და ლატვიაში. გადაღებები ნორმალურად მიდიოდა, მაგრამ გარეშე პირების დამოკიდებულება ძალიან უარყოფითი იყო. მაგალითად, ფილმში არის ერთი ასეთი სცენა, სადაც ბატონი სერგო ვედროებით დადის და მრეცხავ ქალებს მეთვალყურეობს. ამ ეპიზოდის ჩამატება შემდეგ გადაწყდა. არადა სცენარი უკვე გაგზავნილი გვქონდა და რამის ჩამატება არ შეიძლებოდა. ამ სცენისთვის გვჭირდებოდა ტაშტები, რაშიც ქალებს სარეცხი უნდა გაერეცხათ. ტაშტები თბილისში კერძო შეკვეთით დავამზადებინეთ.
ერთ დღესაც რუსთავში ფილმის სცენას ვიღებდით. პარტკომის წარმომადგენლობა ჩამოვიდა და მითხრეს, ჩვენთან სიგნალი შემოვიდა, რომ რაღაცას იღებთ, რაც სცენარში არ წერიაო. რა თქმა უნდა, ვიუარე. მოგვთხოვეს, გვეჩვენებინა, რა გვქონდა წამოღებული. კიდევ კარგი, ტაშტები ვერ ნახეს, რადგან დამალული გვქონდა.
ეს სცენა საქართველოში ვეღარ გადავიღე და რუსეთში რომ წავედი, ვიფიქრე, იქ გავაკეთებ–მეთქი. იქაც გამომეცხადნენ პარტკომიდან და მითხრეს, თქვენი სარეცხის ნავები გვაჩვენეთო. მაშინაც როგორღაც თავიდან მოვიშორე ისინი. ბოლოს ლატვიაში რომ წავედით, ეს სცენა იქ დაუგავაზე გადავიღეთ, რადგან პარტკომიდან აღარავინ მოსულა. ასე მოიარა ჩვენმა ტაშტებმა თბილისი, მოსკოვი და რიგა.
დასრულებული ფილმი მოსკოვში 31 დეკემბერს ჩავიტანეთ. კვირადღე იყო და რედკოლეგია, რომელიც სურათს იბარებდა, არ იყო. ჩვენებას მხოლოდ კულტურის მინისტრი რომანოვი და მისი მეუღლე ესწრებოდნენ. მათ გარდა, მე და ხმის ოპერატორი – დავით ლომიძე ვიყავით და ორი კაციც ხმის აპარატურასთან იჯდა. ჩვენება რომ დაიწყო, ამ რომანოვს შევატყვე, უინტერესოდ უყურებდა. ხან ფეხებს აბაკუნებდა, ხან საათს დახედავდა, ხან მეუღლეს დაელაპარაკებოდა. ის ქალი კი ფილმს ინტერესით უცქერდა. ჩვენების დასრულების შემდეგ რომანოვი ჩემთან მოვიდა და მითხრა:
– ამხანაგო ჩხეიძე, ამ სურათს საბჭოთა ხალხი არ ნახავს!
– რატომ, ბატონო მინისტრო? – შევეკითხე ისე, რომ მისი სახელი არც ვიცოდი, რადგან ახალი დანიშნული იყო. ძველი რომ ყოფილიყო, ასეთ რამეს არც მეტყოდა.
– იმიტომ, რომ თქვენი გმირი, მახარაშვილი, საბჭოთა ოფიცერს ხელს არტყამს. ეს არის წითელი არმიის წესდების დარღვევა. ჩვენ უფლება არ გვაქვს, კინემატოგრაფიის საშუალებით ამას აგიტაცია გავუწიოთ. ასე რომ, ამ ფილმს არ მივცემთ იმის რეკომენდაციას, რომ ფართო მასებმა ნახონ!
რომანოვმა ეს რომ თქვა, ეგრევე წავიდა. საშინელ ხასიათზე დავდექი. ახალი წელი თენდებოდა და მთელ ჯგუფს ქართველ მეგობრებთან ერთად იქაურ ქართულ რესტორან „არაგვში” უნდა გვექეიფა. ბევრი ადამიანის დაპატიჟებას ვაპირებდით, რადგან დარწმუნებული ვიყავით, რომ ფილმს შეაქებდნენ და მიიღებდნენ. მინისტრის ასეთმა შეფასებამ კი ყველას ნერვები მოგვიშალა და რესტორანში აღარ წავსულვართ. სასტუმროში დავბრუნდით და დავიძინეთ.
რამდენიმე დღის შემდეგ „ჯარისკაცის მამის” კიდევ ერთ ჩვენებაზე მიგვიწვიეს. კარი გაიღო და გენერალ–პოლკოვნიკი და 15-მდე გენერალი შემოვიდნენ. მისალმებაზევე მივხვდი, რომ ისინი რომანოვის ტყუილებით იყვნენ გატენილი, მაგრამ პირველივე ეპიზოდიდან რომ დაიწყეს გენერლებმა ტაშის კვრა და ოვაციები, ბოლომდე ასე გაგრძელდა. თან ხელით გვანიშნებდნენ, მაგარიაო. დასრულების შემდეგ მე და ხმის ოპერატორს შემოგვეხვივნენ. გენერალ–პოლკოვნიკმა გვკითხა:
– გვითხარით, რა არ მოსწონს თქვენს მინისტრს?
– ჩვენი ქართველი მინისტრი თვლის, რომ ეს საჭირო საბჭოთა სურათია, – ვუპასუხე გენერალ–პოლკოვნიკს.
– არა, არა, მე მხედველობაში მყავს ამხანაგი რომანოვი.
– რომანოვს არ მოსწონს ის, რომ სამხედრო ხელს არტყამს საბჭოთა ოფიცერს.
– აი, თქვენი მინისტრი ვერაფერს მიხვდა. ის არ არის სამხედრო, ის მამაა. მამას კი ყოველთვის აქვს უფლება, ასე მოექცეს შვილს. სურათსაც იმიტომ ჰქვია „ჯარისკაცის მამა“. მას მთელი ქვეყანა უყურებს. გისურვებთ წარმატებას! – ასე თბილად გამოგვემშვიდობა გენერალ–პოლკოვნიკი. დანარჩენი გენერლები ერთმანეთში ლაპარაკობდნენ, ნახე, როგორი სილა გააწნაო.
ამის შემდეგ ფილმი ვინ აღარ ნახა, მათ შორის ლეონიდ ბრეჟნევმა და ეს საკითხი აღარავის წამოუწევია“.
„ჯარისკაცის მამის“ შემდეგ კიდევ ერთი ბრწყინვალე ნამუშევარი – ქართული კინოსურათი „მზე შემოდგომისა“ შექმნის ისტორია გავიხსენოთ. ფილმის რეჟისორი თემურ ფალავანდიშვილი იმდროინდელ პერიპეტიებს შემდეგნაირად იხსენებს.
„ერთხელ დიღომში, კინოსტუდიაში ვიყავი. რეზო თაბუკაშვილი მოვიდა, ხელში რაღაც ფურცლები ეჭირა და მითხრა, ეს სცენარი წაიკითხეო. შემდეგ თავის „ვოლგაში” ჩამსვა და ძველი თბილისის ქუჩები მომატარა. რეზოს დიპლომატიური ჰქონდა დამთავრებული, ინგლისური კარგად იცოდა. მთავრობა უცხოელ სტუმრებს ხშირად რეზოსა და მედეას გადააბარებდა ხოლმე, რადგან ქალაქის ღირსშესანიშნაობები მათ კარგად იცოდნენ. იმ დღესაც მან ყველა ის ადგილი მომატარა, სადაც ის და მისი მეუღლე ხშირად დადიოდნენ. ამის შემდეგ სცენარი გადმომცა და სახლში მიმიყვანა.
ძველი თბილისი ყოველთვის მომწონდა, თუმცა იმ დღის მერე ყველაფერს სხვანაირად შევხედე. რეზოს მხრიდან ეს საოცრად ზუსტი რეჟისორული სვლა იყო. სცენარის სიუჟეტის მთავარი თემა არის, რომ ხელოვანმა არ უნდა უღალატოს თავის მოწოდებას და არ უნდა იფიქროს კომერციაზე იმისთვის, რომ ოჯახი შეინახოს.
მე შევეცადე, „მზე შემოდგომისა” ძველი თბილისისთვის მიძღვნილი ფილმი გამოსულიყო. სწორედ ამიტომ ავარჩიე ფილმის კომპოზიტორად ვაჟა აზარაშვილი, რადგანაც ის ქალაქური სიმღერების ავტორია.
ყველაზე მთავარი ის არის, რომ ფილმმა წინ წამოწია მნიშვნელოვანი თემა – ძველი თბილისი არა მხოლოდ საცხოვრებელი ადგილია, არამედ იგი არის ესთეტიკური ფენომენი.
როდესაც რეზომ სცენარი გადმომცა, თავიდანვე ვიცოდი, რომ ეს მედეასთვის იყო დაწერილი და მთავარი როლი სწორედ მას უნდა ეთამაშა. ვახტანგის როლზეც ვიცოდი, რომ ოთარ მეღვინეთუხუცესი უნდა ამეყვანა. სხვა გმირების შემთხვევაშიც ასე მოხდა. ვიცოდი ყველა ამ მსახიობის შესაძლებლობები და სინჯების ჩატარება საჭიროდ აღარ მივიჩნიე.
ოთარ მეღვინეთუხუცესთან მუშაობა ძალიან ადვილი იყო. ის გახლდათ მსახიობი, რომელიც თავის საოცარ სამყაროს გთავაზობდა, რომელში ჩარევაც საჭირო არ იყო. თავიდან ვუთხარი, მისი გმირი როგორი უნდა ყოფილიყო და შემდეგ უკვე ყველაფერი თავად გააკეთა. როცა ასეთ პროფესიონალთან გიწევს მუშაობა, მას მთლიანად უნდა ენდო.
მედეა ჯაფარიძის პროფესიონალიზმზე, გარეგნულ მშვენიერებაზე საუბარს არ დავიწყებ, რადგან ყველამ კარგად იცის, რა დონის მსახიობი იყო. გადაღებების პროცესში მასთან ცოტა პრობლემები შემექმნა. მე მინდოდა, რომ გადაღებები დილით დამეწყო, ის კი არ მოდიოდა. მედეა ძირითადად თეატრის მსახიობი იყო და თვლიდა, რომ მისი ორგანიზმი დილაობით სამუშაოდ მზად არ იყო. ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ პირველ–ორ საათამდე „მატორ” არ დაგვეძახა. დროს სპეციალურად აჭიანურებდა. მედეაზე მიმაგრებული მყავდა ჩემი ასისტენტი ზაურ ტყეშელაშვილი, რომელიც ყოველ დილით აკითხავდა. 9 საათზე მიაკითხავდა ხოლმე, მედეა ზემოდან გადმოსძახებდა: „ზაურ, ამოდი!”. ის ერთხანს უცდიდა, მაგრამ მედეა იმდენს იზამდა, მაინც აიყვანდა, დასვამდა, ასაუზმებდა და ამასობაში დროც გადიოდა. ზაური მაშინ 19-20 წლის ბიჭი იყო და მედეა დედასავით თბილად ექცეოდა. მოკლედ, 12 საათზე მოვიდოდა გადაღებაზე, შემდეგ გრიმს იკეთებდა, ემზადებოდა. გადაღებები მაინც 2 საათზე იწყებოდა. იძულებული ვიყავით, მისი რეჟიმით გვემუშავა, რადგან თითქმის ყველა კადრში იყო და მის გარეშე ვერ დავიწყებდით.
ფილმის ყველაზე დასამახსოვრებელი კადრი ფინალია, როდესაც დიდი სუფრაა გაშლილი და ყველანი ზეიმობენ. იმდროინდელი ქართული ელიტის ყველა წარმომადგენელი მოვიწვიეთ, ვისაც კი ეცალა. მიხარია, რომ მათი სახეები ეკრანს შემორჩა. ლადო გუდიაშვილის ცეკვაც ერთ–ერთი დასამახსოვრებელი მომენტია.
ფილმის მთავარი გმირის, ვახტანგის მიერ დახატული სურათები სინამდვილეში მხატვარ ელენე ახვლედიანს ეკუთვნის. ქალბატონი ელენე მამასთან მეგობრობდა. მის რამდენიმე ფილმში მთავარი მხატვარიც იყო. მედეასთან და რეზოსთანაც ძალიან ახლოს გახლდათ, ასე რომ, მასთან მისვლა არ გამჭირვებია. მისი სახელოსნოდან ნახატებს მთლიანად ვერ წამოვიღებდით, ამიტომ ნება დაგვრთო, ფილმის ფინალური კადრები იქვე გადაგვეღო.
ფილმის გადაღებები 3 თვეს გაგრძელდა, მთლიანად გამზადებას დაახლოებით წელიწადი დასჭირდა. რამდენიმე კადრი ბათუმსა და ოდესის პორტშია გადაღებული, ძირითადი ნაწილი კი – თბილისის ძველ უბნებსა და პავილიონებში. მაგალითად, ის ბინა, სადაც გივი ბერიკაშვილისა და გურანდა გაბუნიას გმირები ცხოვრობდნენ, უფრო ახლებური უნდა ყოფილიყო, ამიტომაც საბურთალოზე გადავიღეთ.
„მზე შემოდგომისა” ძალიან კარგად მიიღო როგორც ქართველმა, აგრეთვე მთელმა საბჭოთა მაყურებელმა. ამიერკავკასიის მასშტაბით პატარ–პატარა პრიზებიც დაიმსახურა, მაგრამ სერიოზული – არაფერი. თუმცა ის ფაქტი, რომ არაერთი წელია ფილმი ცოცხლობს და მაყურებელს უყვარს, უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს“.