,,მალე ევროპელებს ათასი კუბური მეტრი გაზისთვის 2000 ევროს გადახდა მოუწევთ”- ასე გამოეხმაურა Twitter-ზე რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი გერმანიის მიერ გაზსადენი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის პროექტის შეჩერებას.
“გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გაზსადენი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის პროექტის შეჩერების ორდერი გამოსცა. რას ვიზამთ. მოგესალმებით ახალ მსოფლიოში, რომელშიც მალე ევროპელებს ათასი კუბური მეტრი გაზისთვის 2000 ევროს გადახდა მოუწევთ“, – წერს მედვედევი Twitter-ზე.
ცნობისთვის, გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, გაზსადენი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის პროექტის წინსვლა უკრაინის კრიზისის ფონზე ვერ გაგრძელდება. მისი თქმით, გაზსადენის დამტკიცების პროცესი დროებით შეჩერებულია.
შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანიამ დაიწყო ნაბიჯების გადადგმა გაზსადენი სერტიფიკაციის შეჩერებასთან დაკავშირებით. მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ეს არის პასუხი უკრაინაში რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ 21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობა აღიარა. მან ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჯარების შეყვანის ბრძანებაც გასცა. ბრძანებაში ნათქვამია, რომ ტერიტორიაზე ჯარები “მშვიდობის დამყარების მიზნით” შეჰყავთ.
[sexy_author_bio]