რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა, რომელიც 24 თებერვალს იყო დაგეგმილი. ინფორმაციას reuters ავრცელებს.
ენტონი ბლინკენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ლავროვთან შეხვედრას მხოლოდ იმ პირობით დათანხმდა, თუ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრებოდა.
“ახლა, როდესაც ვხედავთ, რომ შეჭრა იწყება და რუსეთმა ცხადად აჩვენა, რომ უარს ამბობს დიპლომატიაზე, ამ შეხვედრას აზრი არ აქვს”, _ თქვა ბლინკენმა.
ბლინკენმა აღნიშნა, რომ ის კვლავ დიპლომატიის ერთგულია, “თუ მოსკოვის მიდგომა შეიცვლება” და ყველაფერს გააკეთებს, რათა თავიდან აიცილოს კიდევ უფრო უარესი სცენარი, ყოვლისმომცველი თავდასხმა მთელ უკრაინაზე, მათ შორის მის დედაქალაქზე.
„მაგრამ ჩვენ არ მივცემთ უფლებას რუსეთს დიპლომატიის პრეტენზია გამოაცხადოს, იმავდროულად, როდესაც ის აჩქარებს მის სვლას კონფლიქტისა და ომის გზაზე“, – აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.
შეგახსენებთ, რომ 21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა.