ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა რუსეთისთვის წარმომადგენლობითი უფლებების შეჩერების გადაწყვეტილებას, თუმცა, ის ევროსაბჭოს წევრად რჩება. მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილების მიზეზი კრემლის მიერ უკრაინაში შეჭრაა.
,,ევროპის საბჭოს დებულების შესაბამისად, მინისტრთა კომიტეტმა დღეს მიიღო გადაწყვეტილება შეუჩეროს რუსეთის ფედერაციას წარმომადგენლობის უფლება მინისტრთა კომიტეტში და საპარლამენტო ასამბლეაში.
დღეს მიღებული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაცია რჩება ევროპის საბჭოს წევრად და ევროპის საბჭოს შესაბამისი კონვენციების, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილედ.
რუსეთის ფედერაციის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში არჩეული მოსამართლე, ასევე რჩება სასამართლოს წევრად და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ შეტანილი განაცხადებები კვლავ განიხილება სასამართლოს მიერ. შეჩერება არ არის საბოლოო, არამედ დროებითი ღონისძიება, რის გამოც კომუნიკაციის არხები ღიაა”,_ წერია ევროპის საბჭოს განცხადებაში.
შუამდგომლობას, რომელიც უკრაინამ და პოლონეთმა დააყენეს, 47-დან 42-მა წევრმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა მათი სია და არ არის ცნობილი, არის თუ არა საქართველო იმ 42 ქვეყანაში, რომელმაც რუსეთისთვის წევრობის შეჩერებას მხარი დაუჭირა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსეთს ევროსაბჭოს წევრობა შეუჩერეს. იგივე მოხდა 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგაც, თუმცა, 2019 წელს მას წევრობა აღუდგინეს.