უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი, კუნძულ ზმეინთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, რუსი ოკუპანტების მიერ დატყვევებული საზღვაო ქვეითები და მესაზღვრეები ცოცხლები არიან.
„ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ გავიგეთ, რომ ჩვენი ძმები ცოცხლები არიან და თავს კარგად გრძნობენ!. რუსული პროპაგანდა ცდილობს გაავრცელოს „სიახლე“, რომ თითქოს უკრაინის ხელისუფლებამ ისინი „დაივიწყა“ და „დამარხა“. ოკუპანტებს „დაავიწყდათ“ აღენიშნათ, რომ მათ მთლიანად გაანადგურეს კუნძულის ინფრასტრუქტურა: შუქურები, კოშკები, ანტენები და ა.შ. შესაბამისად, კუნძულთან კომუნიკაცია შეწყდა. თანამშრომლებთან დაკავშირებისა და მათი ბედის გარკვევის განმეორებითი მცდელობები უშედეგო იყო, რუსეთის ფედერაციის ხომალდებისა და თვითმფრინავების გამუდმებული დაბომბვა არ იძლეოდა საზღვაო ქვეითებისთვის დახმარების მიწოდების საშუალებას. გვინდა დავამატოთ, რომ მტერმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი არსი და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მის ქმედებებსა და სიტყვებში არანაირი სიმართლე არაა. მოუთმენლად ველით ჩვენი ძმების დაბრუნებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
უკრაინული მხარე რუსეთის ფედერაციისგან უკანონოდ დატყვევებული მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს და საერთაშორისო საზოგადოებას დახმარებისთვის მიმართავს.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კუნძულზე მობილიზებული 10-ზე მეტი სამხედრო ოკუპანტებმა მოკლეს.