თბილისის მერი და მმართველი პარტიის პოლიტიკური მდივანი კახა კალაძე ამბობს, რომ საქართველო მზადაა დღესვე გახდეს ევროკავშირის წევრი, თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული. მისი თქმით, ქვეყანაში ბევრი კარგი საქმე გაკეთდა ამისთვის.
“საქართველო სამი ათეული წელია ყველაფერს აკეთებს და აგურ-აგურ აშენებს ხიდს ევროკავშირთან. თაობები რაც შეიძლება ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდეთ ძალიან მალე. შესაბამისად, თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, დღესვე მზად ვართ, გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ვფიქრობ, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ბოლო წლების განმავლობაში ამისთვის. ძალიან დიდი წინსვლა გვაქვს საგარეო მიმართულებით.
დღეს რომ საქართველოს მოქალაქეები ქართული პასპორტით გადაადგილდებიან უპრობლემოდ, ვიზების გარეშე, ესეც ჩვენი მიღწევა და ყველას დამსახურებაა. ბევრი კარგი საქმე გვაქვს გაკეთებული, ბევრი რეფორმაა განხორციელებული და დღეს საქართველო მზად არის, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა“, – თქვა კალაძემ.
საქართველოს ევროკავშირში გაერთიანების საკითხი ქვეყანაში აქტუალური უკრაინაში ომის დაწყებისა და წევრობაზე განაცხადის შეტანის შემდეგ გახდა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ევროკავშირთან კიდევ უფრო მეტად დაახლოებაზე, პარლამენტის წევრები შესაბამის კომიტეტის თავმჯდომარეებთან 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.