დღეს, ოზურგეთში, პრორუსული ორგანიზაცია “ალტ-ინფოს“ ოფისი გაიხსნა. როგორც მედიისთვის გახდა ცნობილი, “ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა შეხვედრა ჭავჭავაძის ქუჩაზე გამართეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ოფისის ფართი მალხაზ ნაცვალაძის მფლობელობაშია. “გურია ნიუსი“ მას დაუკავშირდა.
მალხაზ ნაცვალაძის თქმით, “ალტ-ინფოსთვის“ მას ოფისი არ მიუქირავებია.
“მათ ოფისი სხვაგან აქვს (როგორც ჩვენთვის არის ცნობილი გურიის ქუჩაზე მდებარე შენობაში აპირებენ მუშაობას) და აქედან გამომდინარე, არანაირი ოფისი არ მიმიქირავებია “ალტ-ინფოსთვის. ეს ინფორმაცია, არ შეესაბამება სიმართლეს“, – გვითხრა მალხაზ ნაცვალაძემ.
მისი თქმით, მხოლოდ ერთი დღით დაუთმო ოფისი “ალტ-ინფოელებს“.
“ალტ- ინფოს“ ოფისის გახსნის შემდეგ ოზურგეთის სამოქალაქო სექტორმა და აქტიურმა წევრებმა ოფისის გახსნა გააპროტესტეს.
ავტორი: გიორგი გირკელიძე