გურიის სამივე მუნიციპალიტეტში პრო-რუსული ორგანიზაცია “ალტ-ინფოს“ ოფისი გაიხსნა. ოფისის გახსნა მედიის და საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ცნობილი არ იყო.
ქალაქ ოზურგეთში ოფისის გახსნის შემდეგ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა მშვიდობიანი აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეების მისვლის დროს ოფისი დაკეტილი იყო და იქ არავინ იმყოფებოდა. აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ირმა გორდელაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს თქვა: “მაგათ ჰგონიათ გურულები გაგვაცურეს? ოზურგეთელები არ დაუშვებენ პრორუსული ძალების მხარდამჭერი ჯგუფის ფუნქციონირებას. ჩვენ ვაპირებთ აქციების გამართვას და ამ ყველაფრის გატარებას, არ ვაპირებთ.“ – თქვა ირმა გორდელაძემ.
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელის თამარ ღლონტის თქმით, იმ ქვეყანაში, სადაც რუსებს ოკუპირებული აქვს ტერიტორიების 20 პროცენტი იმათი მხარდამჭერი ადამიანების ოფისი არ უნდა გაიხსნას.
“რუსეთი არის საქართველოს მტერი და საქართველოში არ უნდა მოხდეს მათი პარპაში.“ – გვითხრა თამარ ღლონტმა.
ორშაბათს ქალაქ ოზურგეთის ჭადრების ბაღში დაგეგმილია მშვიდობიანი აქცია.
ავტორი: გიორგი გირკელიძე