ერბილში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან 12-ამდე ბალისტიკური რაკეტა ჩამოვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
ამერიკელმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ რაკეტები მეზობელი ირანიდან კვირა დილით ადრე გაუშვეს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
მაუწყებლის ინფორმაციით, ერაყისა და აშშ-ის ოფიციალური პირები ზარალის შესახებ სხვადასხვა ანგარიშებს ავრცელებენ. აშშ-ს ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ აშშ-ს არცერთ სამთავრობო ობიექტს არ მიადგა ზიანი და შემთხვევის შედეგად არავინ დაღუპულა. არ არსებობს რაიმე ნიშანი, რომ სამიზნე იყო საკონსულოს შენობა, რომელიც არის ახალი და ამჟამად დაუსახლებელ ტერიტორიაზე მდებარეობს.
ერაყელმა ოფიციალურმა პირმა ბაღდადში თავდაპირველად განაცხადა, რომ რამდენიმე რაკეტა მოხვდა საკონსულოს და რომ ის იყო თავდასხმის სამიზნე. მოგვიანებით, ლოუკ გაფარიმ, ქურთისტანის საგარეო მედიის ოფისის ხელმძღვანელმა, თქვა, რომ არცერთი რაკეტა არ მოხვდა ამერიკულ ობიექტს, მაგრამ დარტყმის მიმდებარე ტერიტორია იყო.
აშშ-ს თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელიც ანონიმურობის პირობით ისაუბრა, თქვა, რომ არ არის გარკვეული ზუსტად რამდენი რაკეტის გასროლა მოხდა და სად დაეშვა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მომხდარს უწოდა “აღმაშფოთებელი თავდასხმა ერაყის სუვერენიტეტის წინააღმდეგ და ძალადობის ჩვენება”.
ერბილის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მსხვერპლი არ ყოფილა.
“რამდენიმე რაკეტა დაეცა ქალაქ ერბილს”, – თქვა ერბილის გუბერნატორმა ომიდ ხოშნავმა.
გუბერნატორმა თქვა, რომ უცნობია იყო თუ არა სამიზნე აშშ-ს საკონსულო თუ აეროპორტი, სადაც არის ბაზა აშშ-ს ხელმძღვანელობით კოალიციისთვის, რომელიც ებრძვის “ისლამურ სახელმწიფოს”.