უკრაინაში რუსეთის აგრესიას მსოფლიოში არაერთი ცნობილი ადამიანი გამოეხმაურა. მათმა დიდმა ნაწილმა უკრაინას მხარდაჭერა ღიად გამოუცხადა, თუმცა მათ რიცხვს ცნობილი ბრაზილიელი მწერალი პაულო კოელიო არ მიეკუთვნება.
პაულო კოელიომ ტვიტერზე უკრაინაში მიმდინარე ომს „კრიზისი“ უწოდა და საკუთარი განცხადებით საზოგადოების ნაწილი გაანაწყენა:
„უკრაინის კრიზისი რუსოფობიისთვის ხელსაყრელი მიზეზია. ლვოვში, კიევში, ოდესაში, იალტაში, ჩერნობილში ვარ ნამყოფი. მოსკოვიდან ვლადივოსტოკში მატარებლით 10 000 კილომეტრი გავიარე. კი, ომი მიმდინარეობს, მაგრამ რიგით მოქალაქეებს ნუ ადანაშაულებთ“.
მწერლის განცხადებამ მისი გამომწერების უმრავლესობა გააღიზიანა. მათ შორის პოლონეთის პარლამენტის წევრი მიხალ შჩერბაცაა:
„კრიზისი? ეს ომია! ეს აგრესიაა! ეს რუსეთის ოკუპაცია და უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი ხოცვაა. სწორი სიტყვები გამოიყენეთ, ბატონო მწერალო და ბოდიში მოიხადეთ“, – განაცხადა შჩერბამ.
ავტორი: გიორგი გაჩეჩილაძე