ბოსნია-ჰერცეგოვინაში რუსეთის ელჩის, იგორ კალაბუხოვის თქმით, რუსეთს აქვს უფლება რეაგირება ჰქონდეს ბოსნია და ჰერცეგოვინას განზრახვაზე გახდეს NATO-ს წევრი.
“უკრაინის მაგალითზე ჩვენ ვაჩვენეთ, რა მოლოდინები გაქვს, თუ იარსებებს საფრთხე, ჩვენ გვექნება რეაგირება,” – განაცხადა კალაბუხოვმა ბოსნიური ტელეარხის ეთერში.
ელჩის თქმით, ახლა რუსეთს არ აქვს ბოსნია და ჰერცეგოვინასთან დაკავშირებით მოქმედების გეგმა და მოსკოვი იმოქმედებს “სტრატეგიული და გეოპოლიტიკური მდგომარეობის ანალიზის შესაბამისად”.
ბოსნია-ჰერცეგოვინის პრეზიდიუმის თავმჯდომარე ჟელკო კომშიჩი ელჩის აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა და დაგმო მისი განცხადება
“კატეგორიულად ვგმობთ ბოსნია და ჰერცეგოვინაში რუსეთის ფედერაციის ელჩის მუქარას, რომელიც მან გამოთქვა ბოსნია და ჰერცეგოვინას NATO-ში გაწევრიანების შესაძლებლობასთან დაკავშირებით.
რუსეთის ელჩის სიტყვები, რომ რუსეთს ექნება რეაქცია და უკრაინის მაგალითის მოყვანა, რომლის წინააღმდეგაც რუსეთმა წამოიწყო აგრესია, არის ცალსახა და მიუღებელია ბოსნია და ჰერცეგოვინისთვის” – თქვა კომიშიჩმა.
კომშიჩმა აღნიშნა, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინას ნატოში გაწევრიანება შეიძლება იყოს მხოლოდ ბოსნია და ჰერცეგოვინის გადაწყვეტილება და არა „ბოსნია და ჰერცეგოვინაზე თავდასხმის მიზეზი“.
ბოსნია და ჰერცეგოვინას NATO-მ 2010 წელს შესთავაზეს ალიანსში გაწევრიანების გეგმას (MAP) შეერთებოდა.
ხოლო BiH-ის სერბულმა ნაწილმა, რესპუბლიკა სერბსკამ, სამხედრო ნეიტრალიტეტი გამოაცხადა 2017 წელს.
უკრაინაში სრულმაშტაბიან შეჭრამდე რუსეთი უკრაინისგან ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე უარის თქმას ითხოვდა. ომის დაწყების შემდეგ მოლაპარაკებების პროცესში უკრაინის სამხედრო ნეიტრალიტეტი რუსეთის ერთ-ერთი მოთხოვნაა.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.
ავტორი: მერაბ ცაავა