დღეს, ოზურგეთის საკრებულოს სხდომა „ქართული ოცნებისა“ და ნაციონალი დეპუტატების დაპირისპირებით დაიწყო და ჩხუბით გაგრძელდა.
სიტყვით გამოსულმა „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ, მარიკა ჩხიკვიშვილმა 2021 წლის ბიუჯეტზე ისაუბრა.
მისი თქმით, ეს ბიუჯეტი ყოფილმა მერმა პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით შეადგინა და ძირითადად ხდებოდა თანხების არამიზნობრივი ხარჯვა.
მან თქვა, რომ ყოფილი მერი ოთხი წლის მანძილზე ბიუჯეტს არასწორად განკარგავდა. ისაუბრა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და თქვა, რომ ამჯერად ეს ყველაფერი კარგად დაიგეგმა და ასევე გაკეთდება.
_ქალბატონი მარიკა ამბობს, რომ შარაშენიძემ გზა არ დამიგო ჭიშკართან და ახლა დამიგებენო. ამას ამბობს ეს, ასე გამოდის,_ ჩვეული ხმამაღალი რეპლიკა ისროლა ნაციონალმა შალვა თავდიშვილმა, რასაც ორმხრივი ხმაური მოჰყვა.
ხანგრძლივი ჩხუბის დროს, ისმოდა ერთმანეთის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვები: „მატყუარა და უზრდელი ხარ“, „უსირცხვილო“, „მიშა რასაც დაგიწერთ, იმას კითხულობთ“, „სადაა გასტროლიორი მერი“, „გავრილოვი შემოყავთ და ახლა მიიწებეს აქ პირბადები უკრაინის დროშის ფერებით“, „რეზოლუციას ჩახედეთ, გამყიდველებო, სტრატეგიული ობიექტები გაყიდეთ“, „გავრილოვის „შნირები“… და ასე შემდეგ.
კიდევ უფრო მეტი ხმაური მოჰყვა ნაციონალი დეპუტატის, თათია ნიკოლაიშვილის გამოსვლას. მან თქვა, რომ მერიის და საკრებულოს თანამდებობის პირებს, კონკრეტულად მერს, ხელფასი დაენიშნა 5 ათასი ლარი. მოადგილეებს ცოტათი ნაკლები. ამ დროს კი გაჭირვებულ მოქალაქეს ჭერი არ აქვს და აწვიმს. ამის დასტურად კი ფოტომასალა წარმოადგინა.
დაპირისპირება და ყვირილი რაკი არ შეწყდა, თავმჯდომარემ შესვენება გამოაცხადა, თუმცა ჩხუბი შესვენებაზეც გაგრძელდა.
„ნამდვილი საგიჟეთია“- ერთმანეთში საუბრობდნენ „ქართული ოცნების“ ქალბატონი დეპუტატები.