იაპონიის სამი მთავარი ბანკის გადაწყვეტილებით, დღეიდან, 26 მარტიდან შეჩერებულია დოლარის ყველა ტრანზაქცია რუსეთის უმსხვილეს ბანკთა ,,Sberbank“-თან. ინფორმაციას the-japan-news ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, მეგაბანკები – Mitsubishi UFJ Financial Group, Inc., Sumitomo Mitsui Financial Group, Inc. და Mizuho Financial Group, Inc უერთდებიან იმ სანქციებს, რომლებიც აშშ-მ დაუწესა Sberbank-ს. მათ შორის, Mitsubishi UFJ შეაჩერებს არა მხოლოდ დოლარში ტრანზაქციას, არამედ ყველა უცხოურ ვალუტაში, გარდა იენისა.
გამომდინარე იქიდან, რომ იაპონია რუსეთთან ვაჭრობას დოლარის ვალუტაში აწარმოებდა, მეგაბანკებს მოუწევთ, ფულადი გზავნილების ალტერნატიული საშუალების მოძიება.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, მეგაბანკის სამეულმა დაბლოკა ტრანზაქციები ყველა ვალუტაში ფინანსურ ინსტიტუტებთან, როგორიცაა VTB Bank, რომელიც რუსეთის სიდიდით მეორე ბანკია და Bank Russia. ეს ბანკები ამოღებულ იქნა საერთაშორისო ანგარიშსწორების ქსელიდან, მაგრამ სბერბანკი გათავისუფლდა სანქციებისაგან, რამაც იგი ერთ-ერთ იმ რამდენიმე მარშრუტად აქცია, რომელიც ფულს გზავნის რუსეთში.
მანამდე, აშშ-ს მთავრობამ განაცხადა, რომ შაბათს, 26 მარტს შეაჩერებს ბანკთაშორის გადახდებს, ფულად გზავნილებსა და სხვა ტრანზაქციებს Sberbank-თან, ისევე როგორც, მის 25 შვილობილ კომპანიასთან.
როგორც the-japan-news აღნიშნავას, Sberbank-ს რუსეთში მოქმედი იაპონური კომპანიები იყენებენ, ხოლო თუ ფულადი გზავნილები შეუძლებელი გახდება, ამას ნეგატიური გავლენა ექნება რუსეთში არსებულ იაპონურ კომპანიებზე. ამ შემთხვევაში, მათ შეეძლებათ გამოიყენონ ევროპული ბანკები, რომლებსაც რუსეთში საკუთარი ფილიალები აქვთ.