რამდენიმე დღის წინ საქართველოს ნაკრების შემტევი ხვიჩა კვარაცხელია ბოლოსა და ბოლოს ყაზანის „რუბინიდან“ წამოვიდა და კარიერას ბათუმის „დინამოში“ გააგრძელებს. რა იქნება მოგვიანებით. თუ მიმდინარე წლის 30 ივნისამდე კვარაცხელია ბათუმური გუნდიდან რომელიმე უცხოურ კლუბში გაიყიდება, მას რუსეთში უკან დაბრუნება არ მოუწევს. „რუბინი“ ახალგაზრდა ქართველს 15 მილიონ ევროდ აფასებს. იმედია მოიძებნება გუნდი რომელიც ყაზანელებს კვარაცხელიას შესახებ დაელაპარაკება და მის კარიერას ახალ საფეხურზე აიყვანს.
ხვიჩას თავდაპირველად იტალიურ „ნაპოლის“ უკავშირებდნენ, შემდეგ კი ინგლისურ „ლიდს იუნაიტედსა“ და „ტოტენჰემს“. ამ კლუბებს კიდევ ერთი კონკურენტი გამოუჩნდა.
გუშინ იტალიურმა გამოცემამ „PianetaMilan“ გაავრცელა ცნობა რომ ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა კახი კალაძის ყოფილმა გუნდმა – „მილანმა“ გადაწყვიტა. გამოცემა დარწმუნებულია რომ ხვიჩა კვარაცხელია გუნდს კარგად მოერგება – ქართველ ფეხბურთელს მილანელთა ხელმძღვანელობა უკვე ერთი წელია, აკვირდება.
ყაზანის „რუბინის“ სპორტული დირექტორი ოლეგ იაროვინსკი არ მალავს, რომ ხვიჩას წასვლამ ძალიან დააღონა.
„კვარაცხელიას წასვლა „რუბინისთვის“ უდიდესი დანაკარგია. ძალიან დაღონებული ვარ იმის გამო, რომ მან ჩვენი კლუბი დატოვა. თავად მოისურვა თუ არა წასვლა? ამაზე ლაპარაკიც არ მსურს. თითოეულ ლეგიონერს ამჟამად აქვს უფლება, დატოვოს რუსული კლუბი და ხვიჩამ ამ შესაძლებლობით ისარგებლა. მისი წასვლით ისევე ვარ დაღონებული, როგორც ჩვენი სხვა ლეგიონერების წასვლით“. – განაცხადა ოლეგ იაროვინსკიმ.
გუშინ ცნობილი გახდა რომ ეკატერინბურგის „ურალიდან“ წამოსული ლუკა გაგნიძე კარიერას პოლონურ „რაკოვში“ გააგრძელებს. საინტერესოა რომ ამ გუნდში კიდევ ერთი ქართველი ვაკო გვილია თამაშობს.
2022 წლის მსოფლიო პირველობის ფინალური სტადია იტალიის ნაკრების გარეშე ჩატარდება. ევროპის ამჟამინდელმა ჩემპიონებმა ჩრდილოეთ მაკედონიის ბარიერი ვერ გადალახეს.
გუშინ იტალიურ მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „სკუადრა აძურას“ ამჟამინდელ მწვრთნელს, რობერტო მანჩინის საკუთარი სურვილით თანამდედობიდან გადადგომა სურს.
რამდენიმე გამოცემამ დაწერა, რომ მანჩინის მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი და „ოქროს ბურთის“ მფლობელი ფაბიო კანავარო შეცვლის, ხოლო გუნდის ტექნიკურ დირექტორად მარჩელო ლიპი იმუშავებს.
48 წლის კანავარომ დამოუკიდებელი სამწვრთნელო საქმიანობა 2014 წელს ჩინეთში დაიწყო. მუშაობდა „გუანჯოუს“ მწვრთნელად, შემდეგ საუდის არაბეთის „ალ ნასრის“ მიაშურა, რის შემდეგაც დაბრუნდა ჩინეთში და ცოტა ხნით „ტიანძინი“ ჩაიბარა, ბოლოს კი კვლავ „გუანჯოუს“ ავარჯიშებდა.
უკრაინაში მიმდინარე ომმა ამ ქვეყნის ათასობით მოქალაქე ლტოლვილობისთვის გაწირა. გუშინ „პსჟ“-ის კარის დარაჯმა კეილორ ნავასმა მსოფლიო საზოგადოებას ჰუმანიტარული დახმარების მაგალითი უჩვენა.
კოსტარიკელმა პარიზში საკუთარი სახლის კარი გააღო, რათა უკრაინელი ბავშვების 30-კაციან ჯგუფს, საკვებით უზრუნველყოფის გარდა, დროებითი საცხოვრებელიც ჰქონდეს.
კეილორი და მისი ოჯახის წევრები ლტოლვილებთან ევანგელისტურ მსახურებას ასრულებენ. გარდა ამისა, ნავასის ცოლი ანდრეა სალასი მათთვის საჭმელებს ამზადებს და პატარებს კინოჩვენებასაც უწყობს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ინიციატივით გამოვიდა, რომ 2028 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი უკრაინაში ჩატარდეს. პოლიტიკოსმა ეს იდეა მას მერე წამოაყენა, რაც ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული ტურნირის მიღების სურვილი რუსეთმა გამოთქვა.
„მხოლოდ ის ფაქტიც კი, რომ რუსეთს უნდა რაიმე სპორტული ან კულტურული ღონისძიება ჩაატაროს, სატირის ჩარჩოების მიღმა გადის. არც კი ვიცი, საერთოდ ვინმე თუ არის, ვინც მათ განაცხადს სერიოზულად განიხილავს. ჩემი აზრით, უკეთესი იქნება, თუ რუსები ჯარს გაიყვანენ და ევროპის ჩემპიონატს სწორედ უკრაინა მიიღებს“. – განაცხადა ბორის ჯონსონმა.
ევრო 2028-ის მასპინძლობისთვის სამი კანდიდატი დარეგისტრირდა: დიდი ბრიტანეთი/ირლანდია (ერთობლივი განაცხადი), თურქეთი და რუსეთი. თურქეთისა და რუსეთის ფეხბურთის ფედერაციები ევროპის ჩემპიონატის ჩატარების სურვილს 2032 წლისთვისაც აცხადებენ. მათ გარდა, მესამე კანდიდატია იტალია.