რამდენიმე დღის წინ რუსეთში უკრაინაში ომის საწინააღმდეგო ახალი მიმართვა გავრცელდა. ცნობილი რუსულენოვანი მწერლები რუსულად მოსაუბრე ადამიანებს უკრაინაში მიმდინარე ომზე სიმართლის თქმისა და სწორი ინფორმაციის გავრცელებისკენ მოუწოდებენ. ხელმომწერებს შორის სხვებთან ერთად არიან სვეტლანა ალექსიევიჩი, ვლადიმირ სოროკინი, ლუდმილა ულიცკაია, დმიტრი გლუხოვსკი და ბორის აკუნინი.
„კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რუსმა მოქალაქეებმა უკრაინაში რუსეთის აგრესიის შესახებ სრული სიმართლე გაიგონ. სიმართლე უკრაინელების წამებისა და დანაკარგების შესახებ; იმ მშვიდობიანი მოსახლეობის შესახებ, რომელიც მიზანში ამოიღეს და დახოცეს; იმ საფრთხის შესახებ, რომელიც ევროპის მთელ კონტინენტს და, შესაძლოა, მთელ კაცობრიობასაც ემუქრება – თუკი გავითვალისწინებთ, რომ ეს ბირთვული საფრთხეა.
თქვენ რუსულად ლაპარაკობთ. ეს მნიშვნელოვანია. გთხოვთ, კომუნიკაციის ყველა შესაძლო გზა გამოიყენეთ: ტელეფონები, მესენჯერი, ელ-ფოსტა. ხმა მიაწვდინეთ იმ ხალხს, ვისაც იცნობთ. მათაც, ვისაც არ იცნობთ. სიმართლე უთხარით. თუ ვლადიმირ პუტინს არც ესმის და ვერც ხედავს, რუსებმა შეიძლება მათ მოუსმინონ, ვინც მათ ენაზე საუბრობს. ეს დანაშაულებრივი ომი უნდა დასრულდეს“.