ექიმი, ნანა გეგეჭკორი აქვეყნებს ვიდეოს, რომელიც შარტავაზე გუშინ მომხდარ შემთხვევას ასახავს.
„იმედია, ეს არანორმალური სამაგალითოდ დაისჯება, რომ არავის მოუნდეს ამ სიგიჟის გამეორება. რით განსხვავდება ეს მძღოლი იმ ველურებისგან, ვინც ბავშვებს დამიზნებით ხოცავს. ოღონდ არ დაიწყოთ ამის გამართლება. როცა ასე მართავ მანქანას, ზუსტად იცი, ძალიან მაღალია შეცდომის ალბათობა. შეცდომა კი შეიძლება სიცოცხლის ფასი ღირდეს.
რამდენიმე წლის წინ საუკეთესო ბიჭი წაგვართვა, (მეგობრის 16 წლის ბიჭი) სწორედ ასეთმა არანორმალურმა, ქუჩის კვეთისას გაიტანა ბავშვი, მოსახვევიდან შემოვარდნილმა მანქანამ, რომელიც წითელზე გადიოდა მაღალი სიჩქარით. „გავლენიანი მამიკოს” შვილი აღმოჩნდა და ცხადია, „მზრუნველმა მშობლებმა“ მისი გამართლებაც კი სცადეს. მეტიც, როგორც ვიცი, მართვის მოწმობაც სპეციალური ცოდნის გარეშე ჰქონდა მოპოვებული და ახალი მძღოლი იყო…“
შეგახსენებთ, რომ თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტომობილი 8 წლის ბავშვს დაეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი ტროტუარზე იდგა.
ბავშვს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. მისი მდგომარეობა ჯერ კიდევ მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლი დაკავებულია. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.