გუშინ მსოფლიო სპორტის ვარსკვლავებმა ომის შედეგად დაზარალებული უკრაინისა და უკრაინელების დასახმარებლად აუქციონზე საკუთარი ნივთები გამოიტანეს, რომელთა შეძენა „Ebay“-ზეა შესაძლებელი.
პოლონეთის ეროვნული გუნდისა და მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ აუქციონზე მაისური გამოიტანა, რომელიც მას რამდენიმე დღის წინ შოტლანდიასთან გამართულ საქველმოქმედო ამხანაგურ მატჩში ეცვა.
უკრაინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა და ინგლისურ კლუბ „ვესტ ჰემის“ ფეხბურთელმა ანდრეი იარმოლენკომ საკუთარი ქვეყნისა და ხალხის დასახმარებლად აუქციონზე ხელმოწერილი სპორტული ფეხსაცმლის წყვილი გამოიტანა.
აუქციონზე იყიდება უკრაინის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, სერგეი რებროვის მაისურიც. მასზე სპორტსმენის ხელმოწერა და წარწერა „Stop War” არის გაკეთებული.
იტალიური საფეხბურთო კლუბი „სპეცია“-ს მოთამაშე ვიქტორ კოვალენკომ, რომელიც ასევე უკრაინის ეროვნული ნაკრების წევრია, აუქციონზე საკუთარი ხელმოწერილი მაისური გაიტანა.
აუქციონზე ასევე იხილავთ „MMA“-ში მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონის, უკრაინელი ლენა ოვჩინიკოვას მაისურს.