4 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 ივლისის მოვლენებზე მიმდინარე ხუთი საქმიდან სამ საქმეზე განაჩენი გამოცხადდა. სასამართლომ დამნაშავედ ცნო ყველა ბრალდებული. უშანგი დათუნაშვილის გარდა, ყველა მათგანს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლე ნინო ელიეშვილმა ლექსო ლაშქარავას და მირანდა ბაღათურიას ეპიზოდზე ექვსი პირი დამნაშავედ ცნო ორგანიზებულ ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობაში, 2022 წლის მარტის მდგომარეობით, 5 ივლისის წინასწარ ორგანიზებული, სიძულვილით მოტივირებული ჯგუფური ძალადობის არცერთი ორგანიზატორი არ არის დაკავებული.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დამკვირვებლის შეფასებით, სასამართლო სხდომებზე მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე ორგანიზატორების სისხლისსამართლებრივ ბრალეულობაზე არაერთი მტკიცებულება მიუთითებდა.