18 წლის წინ მოკლული ზაქრო ბერძნიშვილი გორელი სერიული მკვლელის, იაგო ნებიერიძის მსხვერპლია. 11 წლის ბავშვის ცხედარი კომბინატის დასახლებაში, მდინარის პირას იყო დამარხული.
იაგო ნებიერიძემ ჯერ საკუთარ დედას უთხრა, სად იყო ზაქრო ბერძნიშვილის ცხედარი, შემდეგ კი ბავშვის ოჯახის წევრებს ტელეფონით მიაწოდა ინფორმაცია.
იაგო ნებიერიძის დედა ამტკიცებს, რომ ზაქრო ბერძნიშვილი მის შვილს არ მოუკლავს და მას მხოლოდ ინფორმაცია ჰქონდა, სად იყო ცხედარი გადამალული.
“დაუნახია რა, და მაშინ მოვტყუილდი, რომ არავის შევატყობინეო. რადგან ერთი დავმალე და აღარა ვთქვი, აღარ ვთქვიო. ახლა ჩემი კეთილი ნების და ჩემი სურვილის გამო მინდა, რომ მაგ ბავშვს თავისი ცხედარი იპოვონ, თავისი საფლავი ჰქონდესო და დედამ და მამამ ყველაფერი გაუკეთონ და აღარ იყოს იქ, სადაც არის, მოინდომა თვითონ, მოიწადინა თვითონ, შევთანხმდით ოჯახები. დავდივართ მთელი თვეა, ჩვენ დავეძებთ და ჩვენ ვიპოვეთ ფაქტობრივად. პოლიციას ჩვენ გავაგებინეთ. დავინახეო სადაც მარხავდნენენო, ვინ მარხავდა) არც ასახელებს და არც დაასახელებს”, – ამბობს ნუნუ გრიგალაშვილი.
11 წლის ზაქრო ბერძნიშვილის ცხედარი დღეს, გამთენიისას იპოვეს. მოზარდის ოჯახის წევრები გასული 18 წლის განმავლობაში დარწმუნებული იყვნენ, რომ ბავშვი იაგო ნებიერიძემ მოკლა და შემდეგ გადამალა. ნებიერიძე წლების წინ ბერძნიშვილების ოჯახისთვის თანხის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. თუმცა 2013 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ვადაზე ადრე გათავისუფლდა. 2018 წელს იაგო ნებიერიძე 9 წლის გოგონას გაუპატიურებისა და მკვლელობის გამო დააკავეს. მას უვადოდ თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. არ არის გამორიცხული, ნებიერიძე მართლმსაჯულების წინაშე კიდევ ერთხელ წარდგეს.