უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებმა ქალაქ იზიუმისკენ მიმავალი რუსი ოკუპანტების მცირე კოლონა გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე აქვეყნებს და თან აღნიშნულის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს.
უკრაინის სპეცრაზმმა ააფეთქა ხიდი, რომელზეც რუსეთის შეიარაღებული ძალების კოლონა გადადიოდა.
„ლიკვიდირებულია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სამხედრო ოლქის 201-ე სამხედრო ბაზის მე-4 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის ხელმძღვანელობაში მყოფი მობილური საკონტროლო პუნქტი.
ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ! დიდება უკრაინას!“ – განაცხადეს უწყებაში.
უკრაინის გენშტაბი არ ასახელებს ოპერაციის შესრულების ზუსტ თარიღს, თუმცა, როგორც ამბობენ, მათ ხარკოვის ოლქში შენიშნეს იზიუმისკენ მიმავალი რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მანქანები, რომლებიც ქალაქთან მყოფი დანარჩენი ოკუპანტების დასახმარებლად მიდიოდნენ.