რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ნაფთალი ბენეტს გაუგზავნა წერილი, რომელშიც ის ითხოვს იერუსალიმში მდებარე ალექსანდრეს მამულზე კონტროლის რუსეთისთვის გადაცემას. ამის შესახებ The Jerusalem Post წერს.
როგორც გამოცემა წერს, ამ ტერიტორიაზე მდებარეობს წმ. ალექსანდრე ნევსკის ეკლესია. რუსეთს ალექსანდრეს მამულის გადაცემას ისრაელის წინა მთავრობა დაჰპირდა.
პუტინის წერილი ნაფთალი ბენეტმა მას შემდეგ მიიღო, რაც თითქმის ერთი დღის წინ მოსკოვმა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, იაირ ლაფიდი რუსეთის უკრაინაში სამხედრო დანაშაულების ჩადენაში დადანაშაულების გამო გააკრიტიკა.
როგორც ისრაელის მედია წერს, უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, ტაძრის მფლობელობის რუსეთისთვის გადაცემამ, შესაძლოა, ისრაელისთვის დასავლეთთან დიპლომატიური სირთულეები გამოიწვიოს.
კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთს იმედი აქვს, რომ ალექსანდრეს მამულის მფლობელობის საკითხი გადაიჭრება.
2020 წელს ისრაელის ყოფილი პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ვლადიმირ პუტინს დაჰპირდა, რომ რუსეთს ამ ობიექტზე კონტროლი გადაეცემოდა. დაპირების მიზეზი იყო რუსეთში, ნარკოტიკების კონტრაბანდის სახით გადატანაში დადანაშაულებული ისრაელის მოქალაქის, ნაამა ისსახარის გათავისუფლების ხელშეწყობა. ამის შემდეგ ისრაელის მიწების რეესტრმა ეკლესიის მფლობელად რუსეთის ფედერაცია დაასახელა.
ტაძარი წარმოადგენდა დავის საგანს მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის. საბოლოოდ, იერუსალიმის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, მორდეხაი ქადურიმ ალექსანდრეს მამულის რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადასვლის პროცესი შეაჩერა.
ბოლო წლებში ეკლესია ეკუთვნოდა მართლმადიდებელი პალესტინელების საზოგადოებას წმინდა მიწაზე. მათ გააპროტესტეს ნეთანიაჰუს გადაწყვეტილება, რომელსაც პოლიტიკური უწოდეს. მოსამართლე ქადურიმ ეკლესიის რუსეთისთვის გადაცემის პროცესი სწორედ ამ მიზეზით შეაჩერა და თქვა, რომ პრობლემა ახალმა პრემიერმა, ბენეტმა უნდა გადაჭრას, რადგან ეს საკითხი დიპლომატიური სახისაა.
ალექსანდრეს მამული რუსეთის იმპერიის მფლობელობაში იყო მაშინ, როცა ამ ტერიტორიას ოსმალთა იმპერია აკონტროლებდა.
ავტორი