მშობლიურ ქართულს, დედა ენის დღეს, გამორჩეული, ორიგინალური სცენარით შექმნილი ღონისძიება მიუძღვნეს ოზურგეთის, ნოდარ დუმბაძის სახელობის მეოთხე „ა“ კლასის მოსწავლეებმა. ზეიმი სოფელ დვაბზუში, შალვა რადიანის სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში შედგა.
მაყურებლის წინაშე ნორჩები ქართული ანბანით მორთული მაისურებით წარდგნენ.
„ენავ, საფიცარო, ჰოი უფლისაგან კურთხეულო“… „მე ვწერ ქართულად, … მიყვარს ქართულად“, „წმინდანად შერაცხულმა დიდმა ილიამ სამშობლოსთვის იბრძოლა და იცოცხლა და სამი ღვთაებრივი საუნჯის მოვლა-პატრონობა გვიანდერძა“, „დედა ენაა შენი ფარი, შენი მახვილი, შეიბ მახვილი!“ – ლექსი თუ სიმღერა, როგორც ფიცი, ისე ისმოდა ნორჩების ბაგეთაგან.
მოსწავლეებმა, ქართული ენის თავს დატრიალებულ გამოწვევებზეც ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, მხატვრულად წარმოადგინეს ის მოვლენა, რაც 1978 წელს ქართული ენის სტატუსის ირგვლივ განვითარდა… რომ სახალხო პროტესტის ძალამ, იძულებული გახადა სახელმწიფო მანქანა, უკან დაეხია და სახელმწიფო ენად ქართული ენა გამოცხადდა!
„მას შემდეგ, დედა ენის დღე, საქართველოში სახელმწიფო დღესასწაულია და 44-ედ აღინიშნება!“- ერთად, ამაყად თქვეს პატარებმა.
მუსიკალურმა და ლიტერატურულ-მხატვრულმა კონტექსტებმა, რომლებიც კლასის ხელმძღვანელ ლალი ტაბატაძის, მუსიკის პედაგოგ მაია თოთიბაძის და ქორეოგრაფების მიერ იყო შედგენილი, სცენარს საუკეთესო შემეცნებითი ხარისხი მიანიჭა და მაყურებლების – მშობლების, მეგობრების, პედაგოგების დიდი ემოცია და მოწონება გამოიწვია.
_შემთხვევითი არ იყო აქ, შალვა რადიანის სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში შეკრება. ეს იყო ერთგვარი მოწიწება, პატივისცემა და მდაბლად თავის დაკვრა ყველასთვის ცნობილი ლიტერატურათმცოდნის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის ღვაწლის, მისი ხსოვნის წინაშე. მან აღზარდა თაობები მშობლიური ქართული ენის უდიდესი სიყვარულით,- თქვა სკოლის დირექტორმა ფატი სიორიძემ.
მოსწავლეებს მიესალმა და დედა ენის დღე მიულოცა, ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, ლელა იმედაშვილმა.
ავტორი