აღდგომის დღესასწაულზე კვერცხების შეღებვის ტრადიციის შესახებ პირველ წერილობით ცნობას საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში, წმინდა ანასტასიას მონასტრის ბიბლიოთეკაში დაცული X საუკუნის ხელნაწერი გვაწვდის.
ხელნაწერში მოყვანილი საეკლესიო წესდების ბოლოს ნათქვამია, რომ სააღდგომო ლოცვის შემდეგ აუცილებელია კვერცხისა და ყველის კურთხევის ლოცვის წაკითხვა.
მოგვიანებით სააღდგომო კვერცხების დამზადება იუველირებმაც დაიწყეს. კარლ ფაბერჟეს სახელი დღემდე დეკორატიული სააღდგომო კვერცხების დამზადების ბრწყინვალე ხელოვნებასთან ასოცირდება. კვერცხები, რომლებშიც რთული დასაქოქი მექანიზმი იყო ჩამონტაჟებული, საიუველირო ხელოვნების სასწაულს წარმოადგენდა. თითოეული ნიმუში ინახებოდა სპეციალურ ფუტლიარში ან სეიფში და საჩვენებლად მხოლოდ აღდგომის დღესასწაულზე გამოჰქონდათ.
ფაბერჟე არასოდეს აკეთებდა ასლს. მისი თითოეული ნამუშევარი განუმეორებელია. დღეისთვის ცნობილი 47 კვერცხიდან 10 მოსკოვში, კრემლში ინახება, 9 – ვიქტორ ვექსელბერგის კერძო კოლექციაში, 5 – ვირჯინიის შტატის გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმში, 3 – ინგლისის დედოფალ ელისაბედის კოლექციაში, 3 – ახალი ორლეანის მუზეუმში, 2-2 – შვეიცარიის, ბალტიმორისა და ვაშინგტონის მუზეუმებში, თითო-თითო – კლივლენდის მუზეუმსა და მონაკოს პრინცის კოლექციაში, დანარჩენი კი კერძო კოლექციებშია დაცული. 2 ნაკეთობის ადგილსამყოფელი უცნობია, მხოლოდ მათი ფოტოები არსებობს.
ავტორი