ხმაური იყო ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე, სადაც მერიაში მიმდინარე რეორგანიზაცის საკითხს განიხილავდნენ. „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თათია ნიკოლაიშვილმა რეორგანიზაციის საკითხი გააპროტესტა. მისი თქმით, პოლიტიკური ნიშნით ხდება ადამიანების გათავისუფლება.
,,ქართული ოცნების” წევრების თქმით, ოპოზიციას საქართველოში ომის დაწყება უნდა.
მას შემდეგ რაც ერთ-ერთმა დეპუტატმა თათია ნიკოლაიშვილს უცენზურო სიტყვებით მიმართა, სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო, რაც ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.
„ასე უზრდელურად იქცევიან, ჩვენს დეპუტატებს შეურაცხყოფას აყენებენ, გადავიდნენ გინებაზე, პროვოკატორები არიან. საკრებულოზე მოსულ დეპუტატებს აგინებენ, სამარცხვინოები არიან. მეამაყება, რომ 2008 წელს ამ ქვეყანას რუსული აგრესიის დროს ვიცავდი, მათგან განსხვავებით. ოზურგეთს არ ეკადრება მსგავსი სამარცხვინო დეპუტატები, მითუმეტეს, ასეთი დამნაშავეები“, – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბესო ქათამაძემ.
ამასთან, “ქართული ოცნების” დეპუტატმა ქეთევან ხომერიკმა ტრიბუნასთან აგვისტოს მოვლენების ამსახველი ფოტომასალა წარმოადგინა და განაცხადა, რომ ხელისუფლება ოპიზიციის მთავარ სურვილს – ქვეყანაში ომს არ დაუშვებს.
ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.