ჩოხატაურში _ ცენტრალური მოედნის მოწყობა და დუმბაძის ქუჩის მოწესრიგება, პრემიერის პროგრამის “განახლებული რეგიონების” ფარგლებში გასულ წელს დაიწყო. სამუშაოებს შპს “აღმაშენებელი ქუთაისი” ახორციელებს.
ამ დროისთვის სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში რამდენიმე შენობის, მათ შორის კინოს სახლის ფასადიც განახლდა, მაგრამ სამუშაოები ბოლომდე მიყვანილი ჯერ არ არის. ფილები, კი რომელიც დუმბაძის ქუჩის მხოლოდ ერთ მხარეს დააგეს, სამუშაოების მწარმოებელმა კომპანიამ აყარა და თავიდან აგებს.
კომპანიიდან ბესო გუბელაძემ “გურია ნიუსს” განუცხადა, რომ ხარვეზების გასწორება მიმდინარეობს და აღნიშნული მონაკვეთი 26 მაისამდე უნდა დასრულდეს. მაგრამ ეს მხოლოდ გზის ცალ მხარეს ეხება, სამუშაოების დასაწყებად გზის მეორე მხარეს, კი რომელიც გადათხრილია და დასაგებად ფილებიც დევს, ჯერ გაზის კომპანიას ელოდებიან.
“სამუშაო სანახევროდ გაკეთებულია. ზოგი არ დაგვიწყია, რადგან ამინდებმა შეგვიშალა ხელი. ამ ეტაპზე რედაქციის წინ ავყარეთ ფილები, ხარვეზებს ვასწორებთ.
აღნიშნულ მონაკვეთზე პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ არ ერიდებიან და ტროტუარზე აჩერებენ მანქანებს.
ყველაზე დიდი პრობლემა რაც არის, ისაა რომ აქეთ გაზონია, იქეთ ღობე და წვიმის დროს წყალს გადასაშვები არსად არ აქვს. იძულებულები გავხდით, რომ ტროტუარზეც სანიაღვრეები გაგვეკეთებინა, რომ წყალს მიმართულება მივცეთ. ბარდიულები სადაც არის დაგებული, ჩავჭრით სამკუთხედებად, რომ წყალი გადავუშვათ არხებისკენ. რედაქციის წინ მუხლამდე წყალი დგებოდა უამინდობის დროს, მაგრამ გავაკეთეთ და აღარ დგება. 26 მაისამდე გვინდა, რომ მერიის წინ სკვერი და ეს მონაკვეთი მოწესრიგდეს. რაც გვაქვს დაწყებული ეს უნდა დავასრულოთ. გზის იქითა მხარეს გაზის მილებია. ჯერ სამუშაო “სოკარს” აქვს, შემდეგ დავიწყებთ ჩვენ,”_ ამბობს გუბელაძე.
ვრცელ მასალას “გურია ნიუსი” მალე შემოგთავაზებთ.
ავტორი