მიმდინარე შაბათ-კვირის ერთ-ერთი გმირი საქართველოს ნაკრებისა და კლუბი „ვალენსიას“ კარის დარაჯი გიორგი მამარდაშვილი აღმოჩნდა. ესპანეთის პირველობის მორიგ ტურში მისი გუნდი სტუმრად ბილბაოს „ატლეტიკს“ დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ – 0:0 დასრულდა და „ვალენსიამ“ საჭირო ერთი ქულა მოიპოვა, მაგრამ რომ არა ქართველის ჩინებული თამაში, ბასკეთიდან დამარცხებული წამოვიდოდა.
მატჩის დასრულების შემდეგ მამარდაშვილი ამ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. ქართველის შესახებ „ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა, მოთამაშეებმა დიმიტრი ფულკიემ და მაქსი გომესმა ისაუბრეს.
ხოსე ბორდალასი: „ატლეტიკი“ სახიფათო მომენტებს ქმნიდა, ორ მომენტს გამოვყოფ, მაგრამ გიორგი ძალიან კარგი იყო, დარტყმებს დიდებულად გაუმკლავდა“.
მაქსი გომესი: „ბედნიერები ვართ, რომ გიორგი ჩვენი გუნდის წევრია. მან ნამდვილი შოუ შექმნა“.
დიმიტრი ფულკიე: „მამარდაშვილმა გოლისგან გვიხსნა, მაგრამ არბიტრს რომ დანი გარსია გაეძევებინა, თამაშის სცენარი განსხვავებული იქნებოდა“.
ესპანურ მედიაში გიორგი მამარდაშვილის თამაში განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა. ესპანელი ჟურნალისტები „ვალენსიას“ ქართველთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას ურჩევენ.
„Plazadeportiva“-მ ჟურნალისტ ვინსენტ ბაუს კომენტარი გამოაქვეყნა.
„სანახაობრივი კუთხით კარგი თამაში არ გამოვიდა, გამორჩეული მომენტების რაოდენობა მცირეა, მაგრამ ჩვენ უნდა ვთქვათ გიორგი მამარდაშვილის შესახებ, რომელიც ყოველ თამაშში „ვალენსიას“ მაგიურობას სძენს“.
ცნობილი ესპანელი ჟურნალისტის, დომინგო ორტიზის აზრით, „ვალენსიამ“ ქართველ მეკარესთან ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტი უნდა გააფორმოს, სადაც გამოსასყიდი თანხა გაიზრდება.
„მამარდაშვილი და ალდერეტე „ვალენსიას“ გასული ორი თვის საუკეთესო მოთამაშეები არიან. ქართველის თამაში მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას საჭიროებს. ეს სწრაფად უნდა მოხდეს. ასევე, მისი გამოსასყიდი თანხა უნდა გაიზარდოს“.
მადრიდულმა გამოცემამ „AS“ მამარდაშვილის თამაში ასე შეაფასა:
„ლომის მომთვინიერებელი. მატჩის დასაწყისში გაბედულება აკლდა, თუმცა საბოლოოდ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. მან ინიაკი უილიამსს ორი ბურთი აუღო, პირველად ინიაკი მასთან ერთი-ერთზე გავიდა, შემდეგ კი მისი თავური დატყმა მოიგერია. მისმა კარგმა თამაშმა „ვალენსიას“ „სან მამესზე“ ქულა მოუპოვა“.
„Eldesmarque“ მამარდაშვილის შესახებ წერს:
„მამარდაშვილის „სეივებმა“ ბილბაოს „ატლეტიკის“ ევროპული მისწრაფებები შეაჩერა“.
„Mundo Deportivo“-მ დაწერა რომ მამარდაშვილის ჩინებული ასპარეზობით გამხნევებულმა სტუმრებმა რკინის დაცვითი ბარიერი აღმართეს და ქართველმა ინიაკის ორჯერ ნაღდი გოლი არ გაატანინა.
„levante-emv“-მ ქართველს ხოტბა შეასხა:
„მამარდაშვილი დიადია, როგორც ტაძარი. მისმა სამმა სეივმა „ვალენსიას“ ქულა მოუტანა. გიორგი ისეთივე მაღალია, როგორც მის სამშობლოში, კავკასიონის ქედზე ყაზბეგის მწვერვალი. კამერები ახალგაზრდა გოლკიპერის დიდებულ თამაშს აფიქსირებდნენ. საფინალო სასტვენის შემდეგ ხაუმე დომენეკმა მიულოცა და გადაეხვია. მისმა სამმა კატისებრმა ნახტომმა ინიაკის გატანის საშუალება არ მისცა. ამ ბიჭმა თავისი ხელობა იცის“.
ქართველი შეაქო გამოცემამ „football-espana: – „სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ „ვალენსია“ გმირული თავდადებით გადაარჩინა. პირველ ტაიმში შეცდომები დაუშვა, თუმცა შემდეგ დანაშაული გამოისყიდა, მეტიც, უილიამსს გოლის გატანა რამდენიმეჯერ არ დაანება“.
შოთა არველაძემ კი მიმდინარე სეზონი უკვე დაასრულა. ქართველი ფეხბურთის სპეციალისტი ინგლისურ ფეხბურთში საკუთარი დებიუტით კმაყოფილია მას შემდეგ, რაც „ჰალმა“ უკანასკნელ ტურში „ნოტინგემ ფორესტთან“ ფრედ (1:1) ითამაშა.
მატჩის შემდეგ შოთამ შემდეგი განცხადება გააკეთა:
„90 წუთის განმავლობაში კარგი თამაში იყო. ვცდილობდით თავი ორგანიზებულად დაგვეცვა და წინა ხაზში ჩვენი შანსები მიგვეღო. გულშემატკივრებმა ძალიან ისიამოვნეს. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ კლუბში მუშაობისა და ჩემი შესაძლებლობების გამოვლენის უფლება მომცა.“
„ჰალმა“ ინგლისის „ჩენპიონშიპი“ მე-19 ადგილზე დაასრულა. პრემიერლიგაში „ფულემი“ და „ბორნმუთი“ გადავიდნენ, ოთხი გუნდი კი ერთ გამსვლელ ადგილს ფლეი-ოფში გაარკვევს.
ავტორი