უკრაინის ქალაქ მარიუპოლის პორტში, რომელსაც ოკუპანტები აკონტროლებენ, ომის დაწყებიდან პირველად შემოვიდა გემი. რუსეთის საინფორმაციო სააგენტოს TASS-ის ცნობით, გემს ლითონით დატვირთვის შემდეგ აღმოსავლეთ რუსეთში გაგზავნიან. უკრაინა ამ ნაბიჯს ძარცვას უწოდებს.
პორტის სპიკერმა განაცხადა, რომ გემი 2 700 ტონა ლითონით დაიტვირთება და რუსეთის ქალაქ როსტოვში გაიგზავნება, თუმცა მან ლითონის წარმოების ადგილი არ დააკონკრეტა.
უკრაინის სახალხო ომბუდსმენმა, ლუდმილა დენისოვამ თქვა, რომ უკრაინიდან ლითონის რუსეთში გაგზავნა ძარცვას უტოლდება.
“უკრაინული მარცვლეულით ქურდობის შემდეგ, ოკუპანტებმა მარიუპოლიდან ლითონის ექსპორტი დაიწყეს. უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძარცვა გრძელდება”,_წერს დენისოვა Telegram-ზე.
უკრაინის უმსხვილესმა ფოლადის მწარმოებელმა, Metinvest-მა კრემლი მეკობრეობაში დაადანაშაულა და შეშფოთება გამოთქვა იმაზე, რომ რუსეთმა მარიუპოლში ჩაძირული რამდენიმე გემი მეტალურგიის მოპარვისა და კონტრაბანდისთვის შეიძლება გამოიყენოს.
Metinvest-მა ასევე დაადასტურა, რომ მარიუპოლის პორტში მათ მიერ წარმოებული ლითონის მარაგებია.
რუსეთი მარიუპოლს მას შემდეგ აკონტროლებს, რაც გასულ კვირას ალყაში მოქცეული აზოვსტალის ქარხნიდან 2 400-ზე მეტი უკრაინელი მებრძოლი ოკუპანტებს ჩაბარდა.
ევაკუაციის ფარგლებში, მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნიდან ყველა უკრაინელი სამხედრო რუსული ძალების თანხლებით მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გადაიყვანეს. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დასაბრუნებლად მათ რუს ტყვეებში გაცვლიან.
ავტორი