30 მაისს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა შედგა.
დღის წესრიგის გაცნობამდე, საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ საკრებულოს წევრებს მიმართა, რომ ბიუჯეტის ზრდის საკითხი იყო განსახილი და თუ ვინმეს განცხადების გაკეთება სურდა, განხილვის დაწყებამდე ეთქვა.
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს, თათია ნიკოლაშვილს წუთი არ დაუკარგავს, სასწრაფოდ წამოდგა და პირდაპირ დაიწყო საუბარი სიტყვის თავისუფლებისა და ძალადობის შესახებ.
_რა საკითხებიც უნდა განვიხილოთ სხდომაზე, ყველაფერი ხალხთან უნდა მივიდეს. რას ვაკეთებთ, რას ვამბობთ, ვინ იტყუება და ვინ არის მართალი, ხალხი მიხვდება. თქვენ და თქვენი ხელისუფლება რუსული მეთოდებით ებრძვით თავისუფლებას. განსხვავებული აზრის გამო, შეგიძლიათ, ციხეში ჩასვათ ადამიანი. არ შეგიძლიათ მოსმენა! ეს შეზღუდვა, მრავალი წელია მომდინარეობს. “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ციხეში ზის. არავის დავიწყებია 5 ივნისი, თბილისის ცენტრალურ ქუჩებში რომ დასდევდნენ ხალხს და ლექსო ლაშქარავა დაიღუპა. არავის აქვს იმის ილუზია, აქ რომ სხედხართ, ბიძინა ივანიშვილს არ აწონებთ თავს. იმ ღარიბშვილთანაც გვქონდა კითხვები. იძალადეს ჩემზე, შეიზღუდეს თავისუფლება. იქ რომ მედია არ ყოფილიყო, ვერავინ გაიგებდა, რა მოხდა და როგორ ებრძვის თავუსუფალ სიტყვას ეს ხელისუფლება,_თქვა ნიკოლაშვილმა და პროტესტის ნიშნად სხდომა სასწრაფოდ დატოვა.
„ჩემი შენ გითხარი“, ზუსტად ისე ხართ, _ მიაძახეს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა. ხოლო დავით დარჩიამ თხოვნაც დაადევნა, დასწრებოდი საკრებულოს სხდომას, ბიუჯეტის შესახებ ცვლილება მოგესმინაო.
საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ , მარიკა ჩხიკვიშვილმა უკან მიდევნებული ლამპარივით, შეგონების მონოლოგიც წარმოთქვა, რომელიც აწ უკვე წასულ თათია ნიკოლაშვილს აღარ ესმოდა:
_მე მინდა, ვუთხრა თათია ნიკოლაშვილს, რომ ჩვენ გვახსოვს, მაშინ, როცა მედიის თავისუფლებაზე ვსაუბრობთ, „იმედის“ დარბევა. ასევე გვახსოვს ძალადობა საზოგადოებაზე, როცა ვანო მერაბიშვილის ცოლის გამო, ხალხს კლავდით. იყოს რა თათია ნიკოლაშვილი ოზურგეთში ნაციონალური პარტიის თავმჯდომარე. მათ შიდაკონკურენცია აქვთ და თავის გამოჩენა სურს ასეთი გამოსვლით, _ სხაპასხუპით ისაუბრა მარიკა ჩხიკვიშვილმა, რის გამოც ნაციონალ დეპუტატებს, ქათამაძეს და მჟავანაძეს ჯერ გაეცინათ, შემდეგ კი ირონიულად მიმართეს ჩხიკვიშვილს: „გვაცალეთ ჩვენს პარტიაში საორგანიზაციო საკითხების გადაწყვეტა. ახლა როგორც ვართ, ასე თავს ძალიან კარგად ვგრძნობთ, ეგ საკითხები შენ არ გეხებაო“.
მიუხედავად საკმაოდ ხანგრძლივი შესავლისა, ოპონენტ პარტიებს შორის, ოზურგეთის საკრებულოში ამ დღეს პირველად შედგა მშვიდი, ზოგჯერ კი ღიმილიანი საუბარი, რაც საკითხების განხილვის დროსაც გაგრძელდა.
ავტორი