დღეს, ოზურგეთში, კვლავ გაზრდილია შაქრის და პურის ფასი.
ერთი კილოგრამი შაქარი ბევრ მარკეტში უკვე კვლავ სამი ლარი ღირს. ყველაზე დაბალ ფასად ყიდვა, მხოლოდ 2,70 ლარად არის შესაძლებელი.
ბაზრებსა და მაღაზიებში მოსიარულე მომხმარებლებისგან ისმის ხმები თადარიგის დაჭერის შესახებ: „მოვიმარაგოთ შქარი, კვლავ ძვირდება“. „პურის ფასი დღესაც გაზრდილია..“
სხვადასხვა პურის ფასი მაღაზიებში საშუალოდ ხუთი თეთრით არის მომატებული.
„შპს“ „ვასაძის პურის“ მარკეტში, სადაც გასული თვეების განმავლობაში, როცა სხვა საწარმოებმა ფასი გაზარდეს, პურის ფასი არ გაუზრდიათ, ახლა, საშუალოდ, პურის ფასი 5 თეთრით გაიზარდა.
_ჩვენი კომპანია მაქსიმალურად ცდილობდა და ცდილობს, რომ პურის ფასი არ გაიზარდოს. თუმცა, ახლა პურის საწარმოებელი ძირითადი ნედლეულის ფასი იმ კრიტიკულ ნიშნულს გასცდა, როცა იძულებული გავხდით, საშუალოდ ხუთი თეთრით გაგვეზარდა საცალო ფასი, – გვითხრა საწარმოს დირექტორმა ირაკლი ვასაძემ.
შპს „ვასაძის პური“ 12 სახეობის პურს აცხობს. მაქსიმალური წონა 580 გრამია, მინიმალური კი 160 გრამი.
კითხვაზე, წონაშიც ხომ არ მოიკლო პურმა, გვითხრეს, რომ წონის სტანდარტი არ შეცვლილა.
_ვცდილობთ, მქსიმალურად შევინარჩუნოთ წონა და ხარისხი, – გვითხრეს აქ.
სავარაუდოდ, პურის ფქვილის ფასი კვლავ გაიზრდება, რადგან, ოთხი დღის წინ, ოზურგეთში ერთი ტომარა, 25 კგ ოდენობის უმაღლესი ხარისხის ფქვილი, საშუალოდ 52-53 ლარი ღირდა. დღეს კი ის 55 ლარი ღირს.
ავტორი